გორის მერიას ერთი წელია ტექნიკური მარილი არ შეუძენია. ამის ამსახველი დოკუმენტაცია მოვიძიეთ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
შესყიდვების ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ბოლო შესყიდვა 2020 წლის 18 თებერვალს განხორციელდა. გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ კომპანია “ლორდისგან” 90 ტონა ტექნიკური მარილი შეიძინა.
რაც შეეხება მიმდინარე ზამთრის სეზონს, გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა შეიძინა მხოლოდ 30 ტონა ქვიშა, თანაც გუშინ, 2021 წლის 16 თებერვალს. ამის ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტი კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორმა დღეს გამოაქვეყნა.
რაც შეეხება გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს, 2020 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზამთრის სეზონზე, გზების მოვლა-შენახვა შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1″-ს ევალება.
ამავე ხელშეკრულების ღირებულება 4 მლნ ლარს შეადგენდა. ..საგზაო სამშენებლო სამმართველო #1″-მა აიღო ვალდებულება, რომ 2 წლის განმავლობაში, ყველა სეზონზე, მე-12 ზონაში შემავალი გზების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება მარილის ალტერნატივას, საგზაო უსაფრთხოებისთვის გამოიყენება ქვიშა, რადგან მისი ფხვიერი, წვრილი გრანულები არ დნება და, შესაბამისად, ზრდის მოჭიდებას გზებზე; არ ვნებს გარემოს, რადგან ბუნებრივი პროდუქტია, არ ცვლის წყლისა თუ ნიადაგის ქიმიურ თვისებებს. ამასთან. ქვიშისა და აგურის ნაფხვენი უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე თოვლი და ყინული, შესაბამისად, ქვიშამოყრილი ზედაპირი მზის სხივების მეტ ენერგიას შთანთქავს და აჩქარებს დნობას.