ავტოპარკის მშენებლობა ქუთაისში, რომელიც ბიუჯეტს 2 642 776 ლარი უჯდება, ჯერ არ დასრულებულა

401

ქუთაისში ახალმა მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა დაიწყეს, თუმცა, ამ დრომდე არ არის დასრულებული ავტოპარკის მშენებლობა, რომელიც ბიუჯეტს 2 642 776 ლარი უჯდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ქუთაისის მერიამ კომპანიას, რომელიც ტენდერის გზით შეარჩია, სამუშაოები ორჯერ გადაუვადა, რის გამოც ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8 თვის ნაცვლად, პროცესი მეათე თვეა მიმდინარეობს. პირველ შემთხვევაში მშენებელს ამის ობიექტური მიზეზი ჰქონდა, რადგან კორონავირუსის გამო სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა, ბოლო დათქმის (5 იანვრამდე) ვადის ამოწურვის შემდეგ, შპს “სქაი ჰაუსმა” დროის გახანგრძლივება ისევ მოითხოვა. ამჯერად მიმდინარე წლის 27 თებერვლამდე.

ავანგარდის დასახლებაში, გასული წლის ზაფხულში დაწყებული ავტოპარკის სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა. აქ ჯერ ისევ ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. არადა, კომპანიას დრო ეწურება. ადგილზე არსებული ვითარება კი ნაკლებად  იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ე.წ. დეპო ქალაქს 10 დღეში ექნება. შესაბამისად, “სქაი ჰაუსს”, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ მოუწევს მერიას დროის გახანგრძლივება სთხოვოს.

რატომ გაჭიანურდა ავტოპარკის მოწყობის სამუშაოები, ამაზე პასუხი არ აქვს კომპანიის დირექტორს. იოსებ მახვილაძემ გვითხრა, რომ ამაზე საუბარი არ სურს.

“არ მინდა ინტერვიუს მოცემა”, – თქვა იოსებ მახვილაძემ.

60 ავტობუსი, ახალი ავტოპარკის ნაცვლად, საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ბაზაზე დგება. გარდა ავტოპარკის არარსებობისა, ქუთაისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანას სხვა მხრივაც მოუმზადებელი დახვდა. იმის მიუხედავად, რომ ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განახლებაზე თვითმმართველობა ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდა, ვერ მოახერხა ისეთი ელემენტარული საკითხის მოგვარება, როგორიცაა ელექტრონული ტაბლოების მოწყობა გაჩერებებზე.

მერიას ამ დრომდე არ აქვს არც სვლაგეზების ახალი სქემა. გასული წლის ნოემბრიდან შემოყვანილ ავტობუსებში კი ისევ არ არის დამონტაჟებული დისტანციური გადახდის სისტემა და მათ მერია კიდევ ორი თვე ვერ მოაწყობს. სამაგიეროდ, ახალი ავტობუსების გამოჩენის დღიდანვე დაიწყო მსჯელობა მგზავრობის ღირებულების გაზრდაზე. ქუთაისის მერია ვერ უარყოფს, რომ ტარიფი მოიმატებს. მერი აცხადებს, რომ მგზავრობის ფასი ავტობუსებში გადახდის სისტემის მოწყობამდე არ გაიზრდება, ამის შემდეგ კი საკითხზე იმსჯელებენ.