თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ყურადღება ვანდალიზმის გახშირებულ ფაქტებზე გაამახვილა. მერმა აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი სამწუხარო ფაქტები ახლად რეაბილიტირებულ სკვერებსა და პარკებში ფიქსირდება და მოსახლეობას მოუწოდა მეტი ყურადღება გამოიჩინონ და მერიას ვანდალიზმთან ბრძოლაში დახმარება გაუწიონ.
„ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ 2020 წელს 168 მისამართზე აღინიშნა ვანდალიზმის მთელი რიგი შემთხვევა, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. აქ მინდა საზოგადოებას დახმარება და მხარდაჭერა ვთხოვო ამ მიმართულებით, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები პირდაპირ უყურებენ თუ როგორ ამტვრევს მოზარდი ატრაქციონს, რომელიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ. ეს ძალიან ცუდია. ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. მაქსიმალურად ვცდილობ ყველა იმ სივრცეში, სადაც რეაბილიტაცია ხდება, უსაფრთხოების კამერები განვათავსოთ, მაგრამ ვფიქრობ საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა, უფრო მეტი აქტიურობა არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მერმა.
მისი თქმით, მერია მზად არის დამატებით ღონისძიებები გაატაროს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს აუხსნან, რომ ასეთი საქციელი არასწორია და არ არის მისასალმებელი.