თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის მიერ დაანონსებულ პროექტებს არცერთი თეთრი არ დააკლდება და ყველა პროექტი თუ პროგრამა აუცილებლად განხორციელდება. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან ისმის ცრუ ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს მერია ადამიანებს არ ეხმარება.
კახა კალაძე აცხადებს, რომ მერია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველა ადამიანს ეხმარება, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.
„ჩვენ ძალიან ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ დავეხმაროთ ოჯახებს, ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ყველაზე მეტად გაუჭირდა პანდემიის პირობებში. ასევე, გვაქვს ბევრი მუნიციპალური პროგრამა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც 2020 წელს, რომელიც მართლაც უმძიმესი და ძალიან რთული წელი იყო, ასევე 2021 წელს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება.
ჩვენს მიერ დაანონსებულ პროგრამებს არცერთი თეთრი არ დააკლდება იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მუნიციპალიტეტის, სახელმწიფოს მხარდაჭერა. შესაბამისად, ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი ხორციელდება.
მიუხედავად ამისა, ვისმენთ ცრუ ბრალდებებს კონკრეტული ტელევიზიების საშუალებით, თითქოს მერია ადამიანებს არ ეხმარება, ოჯახებს ხელს არ უწყობს. კონკრეტული მედიასაშულებების კონკრეტულ გადაცემებში გასულ კვირას იყო სიუჟეტები, ჰყავდათ მოწვეული ადამიანები, თითქოს მუნიციპალიტეტი, გამგეობები ამ ადამიანებს არ ეხმარებიან. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე. უბრალოდ, არ ვიკადრებ კონკრეტულად ამ ადამიანების სახელებით და გვარებით მიმოწერები გავასაჯაროვო. არ ვიკადრებ წარვუდგინო საზოგადოებასა, თუ რა დახმარებები აქვთ მიღებული. რამდენს იღებენ ყოველთვიურად თუნდაც იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები იჯარით აიღონ“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, პანდემიამ ძალიან სერიოზული გავლენა იქონია ეკონომიკის განვითარებაზე, მაგრამ ყველაფერი გადალახვადია. კალაძის თქმით, ახლა მთავარია ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოება.