მცხეთის ქალაგეგმარების დოკუმენტი სცდება ქალაქისა და საზოგადოების ინტერესს და აქ კერძო ინტერესი იკვეთება, – ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.
ხუნდაძე აცხადებს, რომ “ამხანაგობა აქოლისი“, სხვადასხვა შემადგენლობით, ერთი და იგივე ლობიზმით და ერთი და იგივე ინტერესებით, რამდენიმე წელია, ცდილობს, ქალაქსა და მის ტურისტულ მარშრუტებზე კონტროლი დაამყაროს.
“2 დღის წინ მცხეთაში გარკვეული უკმაყოფილება და პროცესები ვითარდებოდა, მცხეთის ქალაქგეგმარების დოკუმენტზე მომუშავე “ამხანაგობა აქოლისმა” მცხეთელები აიძულა, ქუჩაში გამოსულიყვნენ. ეს იმიტომ, რომ მათ მიერ შემუშავებული კონცეფცია საფუძვლიან ეჭვს იწვევს, რომ ის კერძო ინტერესებს ემსახურება და არ ასახავს ქალაქის და იქ მცხოვრები მოქალაქეების ხვალინდელ დღეს. მე ამ საკითხს პირველად არ ვეხები. ჩემი კოლეგები მე-9 მოწვევიდან, ასევე, კოლეგები, რომლებიც მისმენენ მე-8 მოწვევიდან, მესამე მოწვევაა, პარლამენტში ვარ და ამ საკითხს ყოველთვის ვაყენებდი, რომ პროცესი არასწორად მიდის, რომ ასეთი მიმდევრობით ჩვენ შევალთ ჩიხში, რომ ეს დოკუმენტი სცდება ქალაქისა და საზოგადოების ინტერესს და აქ კერძო ინტერესი იკვეთება.
აი, ამ საუბარში მივედით იქამდე, რომ 6 წელია, ქალაქი და ქალაქში მცხოვრები საზოგადოება მორატორიუმის რეჟიმში ცხოვრობს და პრაქტიკულად, დატყვევებულია. პრაქტიკულად, ის ვერ აკეთებს ვერაფერს. ეს იმიტომ, რომ “ამხანაგობა აქოლისი“, რომელმაც სატენდერო პირობებით მოიგო თემა, რომელიც უნდა დაამუშაოს, ანუ, შექმნას დოკუმენტი, თუ როგორ იცხოვროს ქალაქმა და ძირითადი პრინციპი უნდა იყოს, დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა და ქალაქს მივცეთ საშუალება, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, რომ განვითარდეს, ეს “ამხანაგობა აქოლისი“, სხვადასხვა შემადგენლობით, ერთი და იგივე ლობიზმით და ერთი და იგივე ინტერესებით, რამდენიმე წელია, ცდილობს, ქალაქზე და მის ტურისტულ მარშრუტებზე კონტროლი დაამყაროს. ჩემს განცხადებას და ამ შეფასებებს ისინი 2 დღის წინ გამოეხმაურნენ და მტკიცებულებები მოითხოვეს. მე მინდა მათ ვუთხრა, მთავარი მტკიცებულება სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც მცხეთის საკრებულოს წარუდგინეს დასამტკიცებლად. თუმცა, არსებობს სხვა მტკიცებულებაც, მაგრამ მე ამაზე არ შევჩერდები, ამისათვის არსებობს სხვა ადგილი და ამისათვის უკეთესი იქნება სხვა დრო,”- აცხადებს ხუნდაძე.
დეპუტატის თქმით, ის, რომ დღეს ეს დოკუმენტი მცხეთის ტურისტული მარშრუტების კარიბჭეების საეჭვო კონფიგურაციას და მის განაშენიანებას გვთავაზობს, შეუმჩნეველი ექსპერტებსაც არ დარჩათ.
“ისინი (ექსპერტები) ამბობენ, რომ კარიბჭეები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მცხეთაში შესასვლელები. ექსპერტები, რომლებიც დოკუმენტის ძირითადი შემფასებლები არიან, ხშირად იყენებენ დიპლომატიურ ენას, თუმცა, ზოგჯერ მათი დიპლომატია ვერ ფარავს საკუთარ ემოციებს და ისინი ძალიან ხშირად იყენებენ დასკვნის შეფასებით ნაწილში სიტყვებს – “არ შეიძლება”, “არ შეესაბამება”, “დაამახინჯებს”, “სადავოა”, “აბსოლუტურად მიუღებელია”, “მკაცრად ვეწინააღმდეგები”. საუბრობენ ორაზროვან ასპექტებზე. 4-ჯერ იხმარეს სიტყვა – საეჭვოა, 2-ჯერ დააფიქსირეს შეშფოთება და ბოლოს, დასკვნაში მათ ჩანაწერს ვციტირებ – ეკლესიის დაცვა უნდა განხორციელდეს უდიდესი კულტურული და სიმბოლური ღირებულებების გამო და არ უნდა მოხდეს მისი ინსტრუმენტად გამოყენება ტურისტული ნაკადების განაწილების საეჭვო მიზეზით,”- აღნიშნავს ხუნდაძე.
დეპუტატი კოლეგებს მიმართავს, რომ ამ საკითხში კარგად ჩაიხედონ.
“კოლეგებო, როდესაც დეპუტატი ამდენჯერ აყენებს ამ საკითხს, როდესაც თანამოაზრეა დღეს მოქმედი მერი, როცა იგივე კონტექსტში საუბრობდა მანამდე არსებული მერი, როდესაც საზოგადოება საუბრობს კიდევ უფრო მეტს, როცა მცხეთელები უკვე ქუჩაში გამოდიან, ვფიქრობ, ჩვენს საზედამხედველო ფუნქცია უნდა შევასრულოთ სრულად და ამ საკითხში კარგად ჩავიხედოთ, იმიტომ, რომ იქ ყველაფერი რიგზე არ არის. საკითხის მოგვარება იმით, რომ მხოლოდ მორატორიუმის რეჟიმი გავაგრძელოთ, ვფიქრობ, ეს პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა არ არის,”- ამბობს ხუნდაძე.