მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის, 2021 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 1 596 000 ლარია გამოყოფილი, – ამის შესახებ გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
გორის მერიის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ზემო ნიქოზში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ზემო ნიქოზში გარე განათების დასრულება დაიგეგმა.
“საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტებია: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.), სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები და გზისპირა მოსაცდელები, ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი, სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით, წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი, მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა. მოსახლეობის საერთო კრებები და კონსულტაციები გორის მუნიციპალიტეტის 115 დასახლებაში ჩატარდება. შეხვედრები 15 თებერვალს დაიწყო და 28 თებერვალს დასრულდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.