დარღვევები აფხაზეთის ა/რ ხელისუფლებების მიერ უძრავი ქონების გამოყენებისას

741

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ა/რ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებისა და დაწესებულებების სარგებლობაში არსებული სახელმწიფო უძრავი ქონების გამოყენებისას დარღვევები გამოავლინა.

ანგარიშის მიხედვით, დარღვევებითაა გაფორმებული უძრავი ქონების საიჯარო ხელშეკრულება; შეუსაბამობაა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იჯარით გაცემულ და მოიჯარის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ფართებს შორის; არაუფლებამოსილი პირების მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოყენებულია საიჯარო ფართები; სამართლებრივი უფლების რეგისტრაციის გარეშე ხდება ქონების ფლობა; ასევე არის ფაქტები, როცა სამინისტროების ბალანსზე ირიცხებოდა ფიზიკურად ამორტიზებული და საექსპლუატაციოდ გამოუყენებელი შენობები.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

იჯარის ფორმით გაცემული უძრავი ქონება

შეუსაბამობები უძრავი ქონების საიჯარო ხელშეკრულებით გაცემისას

  • სსიპ − ბიზნესინკუბატორის მიერ სხვადასხვა არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ფართები გაცემული იყო საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაციის გარეშე 2017 წელს 10-დან − 9 ხელშეკრულება;
  • 2018 წელს 13-დან − 11 ხელშეკრულება;
  • 2019 წელს კი, 23-დან − 20 ხელშეკრულება.

იმის გამო, რომ საიჯარო ხელშეკრულებების უმეტესობა არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, დაფიქსირდა უძრავი ქონებით სარგებლობა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ და მეიჯარის მხრიდან შეიქმნა დეკლარირებისას შემოსავლების შემცირებისა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების რისკი.

შეუსაბამობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იჯარით გაცემულ და მოიჯარის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ფართებს შორის – საჯარო რეესტრში სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული სსიპ – ბიზნესინკუბატორის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება – არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობების ფართობების ნაწილი გაცემული იყო იჯარით.

უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ სამრეწველო ფართები გაუმიჯნავად გაშლილი იყო ერთიან სივრცეში, რის გამოც გამოცხადებულ ელექტონულ აუქციონებში გამარჯვებული მოიჯარეები საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფართების გარდა, სარგებლობდნენ მიმდებარე დამატებითი ფართებით და ექმნებოდათ შესაძლებლობა, მიმდებარე თავისუფალი ტერიტორია უსასყიდლოდ, არამართლზომიერად გამოეყენებინათ საკუთარი მიზნებისათვის, რის გამოც იკარგებოდა დამატებითი ეკონომიკური შემოსავალი.

არაუფლებამოსილი პირების მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოყენებული საიჯარო ფართები

  • სსიპ − პროექტების სააგენტოს სარგებლობაში რიცხულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და მასზე დამაგრებულ შენობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფუნქციონირებდა კერძო სამართლის იურიდიული პირი;
  • ფინანსთა სამინისტრომ კერძო სამართლის იურიდიულ პირს 2017 წლის მარტიდან აუდიტის ჩატარების მომენტისათვის არსებული ახალი გარემოებების/შექმნილი რეალობის გაუთვალისწინებლობითა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სარგებლობაში გადასცა უძრავი ქონება ვადაგასული, 2016 წელს დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო თანხით, რომელიც არსებით შეუსაბამობაშია საბაზრო ფასებთან და განაპირობებს სახელმწიფო უძრავი ქონების არაეფექტიანად გამოყენებას;
  • ქ. ქუთაისში, სსიპ − ბიზნესინკუბატორის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული ჰქონდა ა(ა)იპ − „მშვიდობიან და საქმიან კავკასიას“, რომლის ხელმძღვანელი იყო ამავე სსიპ − ბიზნესინკუბატორის დირექტორი. აღნიშნული წარმოადგენს თანამდებობრივ შეუთავსებლობას;
  • ქ. ქუთაისში, სსიპ − პროექტების სააგენტოს სარგებლობაში არსებულ ფართს იყენებდა კერძო პირი. აუდიტორული პროცედურებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობაზე უნებართვო მიშენების ფაქტი, რის აღსაკვეთად სათანადო ღონისძიებები ფართით მოსარგებელეს არ განუხორციელებია. აღნიშნული ფართის იჯარით გასაცემად გამოცხადებულ საჯარო აუქციონში უკონკურენტო პირობებში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა. ფართის იჯარით გაცემისას არ გათვალისწინებულა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი − მიშენება. ამასთანავე, ვერ იქნა წარმოდგენილი მიწის საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ აუდიტორის შეფასება.

უძრავი ქონების გამოყენება დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად

შეუსაბამობები დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად უძრავი ქონების გამოყენებაში – სსიპ − ბიზნესინკუბატორს 2017-2019 წლებში არ შეუსრულებია მასზე დებულებით განსაზღრული ძირითადი ფუნქციები და მისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენებოდა მხოლოდ იჯარით გასაცემად.

აქტივების მართვა დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში

დარღვევები დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში აქტივების მართვაში – სსიპ − პროექტების სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში არაფინანსური აქტივების მართვის შესწავლით გამოვლინდა, რომ საბიუჯეტო სახსრები კანონშეუსაბამოდ იქნა გამოყენებული კერძო სამართლის სუბიექტის მიწის ნაკვეთის გასაუმჯობესებლად. კერძოდ:

  • არ დასტურდება იურიდიული პირის მემორანდუმის საფუძველზე პროგრამაში ბენეფიციარად ჩართვის აუცილებლობა და მისი შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა;
  • ერთობლივი მემორანდუმის გასაფორმებლად შერჩეული იურიდიული პირის მთლიანი ქონება (მემორანდუმის გაფორმებისას) დაყადაღებული იყო და მასზე ფიქსირდებოდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  • გამოვლინდა დაკავშირებული პირებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტები. აღნიშნულის მიუხედავად, კერძო სამართლის სუბიექტთან დაუსაბუთებლად გაფორმდა მემორანდუმი;
  • იმ პირობებში, როდესაც სრულად არ იქნა გამოყენებული სახელმწიფო სარგებლობაში არსებული არაფინანსური აქტივი, გაფორმებული მემორადუმის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების უმეტესი ნაწილი მოხმარდა კერძო სამართლის სუბიექტის მიწის ნაკვეთის გაუმჯობესებას, საიდანაც სახელმწიფომ არსებითი სარგებელი ვერ მიიღო.

უძრავი ქონების სამართლებრივი უფლებების რეგისტრაცია

სამართლებრივი უფლების რეგისტრაციის გარეშე ქონების ფლობა

  • აფხაზეთის ა/რ მთავრობის არქივი იკავებდა არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართს, თუმცა მასზე სამართლებრივი უფლებები საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა;
  • სსიპ − კაპელას სარგებლობაში არსებული ფართი არ ფიქსირდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერში. ერთ შემთხვევაში სარგებლობაში არსებული ფართი არასწორად იყო მითითებული საჯარო რეესტრის ამონაწერში;
  • მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს სსიპ − სპორტული მომზადების ცენტრი 2019 წლიდან გაუქმდა, საჯარო რეესტრის ამონაწერში აღნიშნული ორგანიზაციის სახელზე მაინც ფიქსირდებოდა ფართი;
  • მართვის სტრუქტურის სრულყოფის და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, აფხაზეთის აღმასრულებელ უწყებებში 2017-2019 წლებში განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება, რასაც მოჰყვა აქტივების გადაცემა/გადანაწილება. გამოვლინდა მოქმედი კანონების მოთხოვნების შეუსაბამო ფაქტები, რაც გამოიხატებოდა უძრავი ქონების უფლებათა რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციის არაჯეროვანად/დაგვიანებით განხორციელებაში.

უძრავი ქონების ფლობა (დამაგრება) შეუსაბამო სანივთო უფლებით – ფინანსთა სამინისტროს სარგებლობაში არსებული ქონებით კანონშეუსაბამოდ სარგებლობდნენ სამინისტროს კონტროლირებადი ერთეულები − შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები.

ამორტიზებული, გამოუყენებელი უძრავი ქონება

ამორტიზებული, გამოუყენებელი უძრავი ქონება – სამინისტროების ბალანსზე ირიცხებოდა ფიზიკურად ამორტიზებული და საექსპლუატაციოდ გამოუყენებელი შენობები.

ფიზიკურად ამორტიზებულ, ადმინისტრაციული და საოპერაცო მიზნებისათვის გამოუყენებელ ქონებას არ მოაქვს ეკონომიკური სარგებელი და არ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმს.

გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო სარგებლობაში გადაცემული ქონება სათანადოდ არ იყო გამოყენებული და, ამავდროულად, აღნიშნული გამოუყენებელი ქონების დაცვასა და მოვლა-შენახვაზე გაიწეოდა ხარჯები, სახელმწიფო ქონება გამოყენებოდა არაეფექტიანად.