დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში კემლინ ფურლიმ მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით ტექნიკა და დანადგარები გადასცეს.
დევნილთა სააგენტოს ცნობით, პროექტის მთავარ მიზანს, იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
სააგენტოსა და UNHCR-ს შორის გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების თანახმად, 15-მა მეწარმე დევნილმა, ჯამში, 110 000 ლარის ღირებულების დანადგარები და აღჭურვილობა მიიღო. დევნილებმა საკუთარ საწარმოებში ლტოლვილის სტატუსის ან მოქალაქეობის არმქონე პირები დაასაქმეს.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის კემლინ ფურლის განცხადებით, საქართველომ შექმნა და მართავს თავშესაფრის სისტემას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
“COVID-19 პანდემიის ამ რთულ პერიოდში საქართველოში ბევრ ადამიანს უჭირს ოჯახის მოვლა, მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა, მაგრამ პანდემიამ კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები. ახლა ისინი ჩვენს მხარდაჭერას უფრო მეტად საჭიროებენ, ვიდრე ოდესმე და ამისათვის, UNHCR-ი აგრძელებს თანამშრომლობას მთავრობასთან, რათა არავინ დარჩეს მიღმა. ამ მძიმე პერიოდში ვაცნობიერებთ სირთულეებს ბიზნესის შენარჩუნებასა და დასაქმებაში, როგორც დევნილთათვის, ასევე ლტოლვილთათვის, UNHCR-ი ცდილობს შეავსოს მთავრობის ძალისხმევა ამ ინიციატივით. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს და გააუმჯობესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. საქართველომ საერთაშორისო დაცვა 3,000-მდე ადამიანს მიანიჭა, ვინც ომისა და ძალადობის გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა შუა აღმოსავლეთი, აფრიკა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და ა.შ. საქართველოს აქვს თავშესაფრის სისტემა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ამ გზით ასრულებს თავის როლს საერთაშორისო პასუხისმგებლობის განაწილებაში ლტოლვილთა დაცვისთვის. ლტოლვილებს და თავშესაფრის მაძიებლებს უფლება აქვთ იმუშაონ საქართველოში. მათ სურთ იყვნენ თავდაჯერებულები და იზრუნონ საკუთარ ოჯახებზე, აგრეთვე თავიანთი წვლილი შეიტანონ მიმღები საზოგადოების ცხოვრებაში“, – განაცხადა კემლინ ფურლიმ.