ჭიათურის ორი სოფლის, პერევისისა და ბერეთისის, სკოლების რეაბილიტაცია დასრულდა

394

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მოადგილეებთან და მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად ახლადრეაბილიტირებულ სკოლებში იმყოფებოდა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ პერევისისა და ბერეთისის საჯარო სკოლებში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

გივი მოდებაძე სკოლის დირექტორებს შეხვდა და დამატებითი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ პერევისის სკოლაში პირველი სართულის სრული რეაბილიტაცია და გარე ფასადის მოწყობა განხორციელდა. მოეწყო ყველა საკლასო ოთახი, სპორტული დარბაზი და სველი წერტილები. აღსანიშნავია, რომ პერევისის სკოლის რეაბილიტაცია ორ ეტაპად ჩატარდა, რის შედეგადაც ამ დროისათვის სკოლა სრულად რეაბილიტირებულია. სოფელ პერევისის სკოლის რეაბილიტაციის მიზნით 159 223 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ინდ. მეწარმე სიმონ კაპანაძემ შეასრულა.

რაც შეეხება სოფელ ბერეთისის საჯარო სკოლას, აქ სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის მიხედვით არსებული დარბაზი სრულად განახლდა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო.

სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ჯორჯიან ინვესტმა“ შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად 94 927 ლარი დაიხარჯა.

გასულ წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები 28 საჯარო სკოლას ჩაუტარდა.