აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება: 15 თებერვლიდან შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნება

675

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესებული რეგულაციების ნაწილობრივ შემსუბუქებას და ნაწილის 10 მარტამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ასეთი გადაწყვეტილება „პრეზიდენტმა“ ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

როგორც სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება, 15 თებერვლიდან აფხაზეთში სასწავლო პროცესს განაახლებენ საბავშვო ბაღები და მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეები. 22 თებერვლიდან კი დანარჩენი კლასები დაემატება.

ასევე, 15 თებერვლიდან მუშაობის უფლება ეძლევათ კულტურულ დაწესებულებებს, ღია ტიპის კვების ობიექტებს, 22 თებერვლიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ კაფეები და რესტორნები.

10 მარტამდე აკრძალულია:

ქორწილების, წვეულებების გამართვა რესტორნებში, დარბაზებსა და სხვა ტიპის კვების ობიექტებში;

აკრძალულია ხალხმრავალი შეკრება და ღონისძიებების გამართვა დახურულ სივრცეში;

სპორტული დარბაზების, საუნების და სპა სალონების მუშაობა;

საბავშვო გასართობი ცენტრების მუშაობა;

კვლავ სავალდებულო რჩება პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და ტრანსპორტში;

ყველა იმ ობიექტში, რომელიც აგრძელებს მუშაობას, მათ შორის ბაზრებში ვალდებული არიან ინტენსიურად ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები.