მოძრაობის ახალმა სქემამ ბათუმში საცობები ვერ განტვირთა

422

ბათუმში ახალი სატრანსპორტო სქემა უკვე 2 თვეა მოქმედებს, თუმცა  არსებულ პრობლემებზე დადებითად ჯერ არ ასახულა. მძღოლებს პოზიტიური შეფასებების გაკეთება უჭირთ. ამბობენ, რომ მოძრაობა ისევ გადატვირთულია, საცობები ისევ უცვლელად დარჩა, სამაგიეროდ, კიდევ უფრო გართულდა პარკირება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

გეგმა, რომელზეც თვითმმართველობა დონორთან ერთად 5 წლის განმავლობაში მუშაობდა, ფინიშთან ჯერ კიდევ არ მისულა. შესაძლოა რიგი ცვლილებები ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობაში კიდევ განხორციელდეს.

სატრანსპორტო მოძრაობა, ბათუმში, ახალი წესებით და მიმართულებებით უკვე ორი თვეა ძალაშია. მძღოლები ისევ უკმაყოფილო არიან. ამბობენ, რომ მიზანმა, საშუალება ვერ გაამართლა, რადგან ახალმა სქემამ ვერც საცობისგან იხსნა ქალაქი და ვერც ქუჩები განტვირთა.

არგუმენტები ასეთი აქვთ: მხოლოდ მუნიციპალური  ავტობუსისთვის გაკეთებულმა სამოძრაო ზოლმა, პარკინგისთვის ისედაც მწირი ადგილი, ფაქტობრივად გააქრო. მძღოლები ამბობენ, რომ ცვლილებამ, დაუსრულებელი ინფარსტრუქტურული სამუშაოების ფონზე, მოძრაობა, კიდევ უფრო გაართულა.

სატრანსპორტო მოძრაობის სქემას იწუნებს, ქალთა საავტომობილო ფედერაციაც. ამბობენ, ბათუმის მასშტაბის ქალაქს, შექმნილი სქემა არ შეესაბამება. ფედერაციის პრეზიდენტი განმარატვს, რომ ისედაც ვიწრო ქუჩებში, საპირისპირო მახრეს მიმავალი ავტობუსები ქუჩებს კიდევ უფრო აპატარავებს.

საგზაო მოძრაობის სქემაში დაგეგმილი ცვლილებები  ბათუმის მუნიციპალიტეტის და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტ „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში განხორციელდა. დღეს მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობის შეცვლის მთავარი მიზანი, მუნიციპალური ტრანსპორტისთვის პრიორიტეტის მინიჭება იყო. რამდენიმე თვის წინ კი მერია გვარწმუნებდა, რომ მოდერნიზება, უპირველესად, ქუჩების განტვირთვის ხდებოდა.

ახალი სქემის შედგენაზე, თვითმმართველობა 2015 წლიდან მუშაობდა. რამდენად გაამართლა ახალმა სქემამ – მერიაში დღეს ამბობენ, რომ მონიტორინგი არ დასრულებულა და ცვლილებები გამორიცხული არ არის.