გორში, კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებებს შორის ხიდის მოწყობის საკითხზე მსჯელობენ

316

გორში, კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის საკითხი ყოველ წელს აქტუალურია. აღნიშნულის შესახებ დიდი ხანია მსჯელობენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაშიც. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“ძალიან დიდი მასშტაბის პროექტია. ამჟამად ინფრასტრუქტურის სამსახურში წინა საპროექტო სამუშოები მიმდინარეობს, რაც საკითხის შესწავლას და სპეციალისტებთან კონსულტაციებს გულისხმობს”, – განმარტავენ მერიაში.

წინა საპროექტო სამუშაოების დასრულებამდე კი მოსახლეობა აღნიშნული ხიდის საჭიროებაზე სოციალურ ქსელში პერიოდულად მსჯელობს. მათი აზრით, ხიდის მშენებლობა გორელებს მნიშვნელოვნად გაუადვილებს გადაადგილებას.

ინფორმაციისთვის, კომბინატისა და წმინდაწყლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა ერთ-ერთი იყო იმ განსახილველ პროექტებს შორის, რომელიც 2018 წლის სექტემბერში გორის მერიამ პოლონელ ექსპერტებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევასა და დაგეგმვის ფარგლებში შეარჩია.