ოკუპირებულ ცხინვალში მასობრივ ღონისძიებებზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა

339

ოკუპირებულ ცხინვალში მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის სადღესასწაულო, სამგლოვიარო და მემორიალური ღონისძიებების ჩატარებაზე კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო RES-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობდა.

„ის, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, სწორი გადაწყვეტილება იყო. დღეს უკვე შეზღუდვების მოხსნა მასობრივი ღონისძიებების გამართვაზეც არის შესაძლებელი. ეჭვგარეშეა, რომ ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში სანიტარული ზომების დაცვა აუცილებელია“, – განაცხადა ბიბილოვმა.

ცნობისათვის, ოკუპირებულ ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 2 901 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.