“ფლანგვის დეტექტორს” უფლისციხის სკვერის გამწვანებაზე გორის მერი პასუხობს

527

გორის მერი “ფლანგვის დეტექტორს” დეზნიფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია უფლისციხეში მოწყობილ 2 სკვერზე, რისთვისაც 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ფლანგვის დეტექტორის მტკიცებით, 2-დან არც ერთ სკვერშია ბუნებრივი გამწვანება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“2019-2020 წლებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ” გორის მუნიციპალიტეტისთვის 3 მლნ ლარზე მეტი გამოყო, საიდანაც 207,169 ლარი სოფელ უფლისციხეში სკვერების მოწყობას მოხმარდა. აშენებული სკვერებიდან არცერთში ბუნებრივი გამწვანება არ გვხვდება, მხოლოდ ერთი მათგანია გამწვანებული, ისიც ხელოვნური ბალახით”,- წერს ფლანგვის დეტექტორი.

 “ფლანგვის დეტექტორის ცნობით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ” 2019-2020 წლებში გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დააფინანსა. კერძოდ, 2019 წელს 1,600,000 ლარი გამოყო 153 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობამ თავად გადაწყვიტა, რომელი პროექტების განხორციელება სურდათ. 2020 წელს კი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ” გორის მუნიციპალიტეტისთვის 1,596,000 ლარი გამოყო, ამ თანხით 120 პროექტი უნდა განხორციელებულიყო.

 

“2019-2020 წლებში აღნიშნული პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში გასართობი და დასასვნებელი სივრცეებიც მოეწყო. მაგალითად, 2019 წლის აპრილში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელ.ტენდერი, რომელიც შეეხებოდა სოფელ უფლისციხეში სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვას, კერძოდ, სპორტულ მოედნისა და დასასვენებელი ტერიტორიის მოწყობას. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება თითქმის 30,000 ლარი იყო (29,432).

აღნიშნულ ტენდერში თავდაპირველად ოთხი კომპანია იღებდა მონაწილეობას, მათ შორის: შპს ალონისი, შპს ხაჩა, შპს ჯითი კაპიტალი და შპს ევრო გზა. აღნიშნული კომპანიებიდან ჯერ შპს ევრო გზის დისკვალიფიკაცია მოხდა ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო, თუმცა აღნიშნულ კომპანიას ყველაზე ნაკლები თანხა ჰქონდა შეთავაზებული გორის მუნიციპალიტეტსითვის. შემდეგ კი შპს ჯითი კაპიტალის დისკვალიფიკაციაც მოხდა ტექნიკური დოკუმენტაციის გაუმართაობის გამო. აღსანიშნავია, რომ შპს ჯითი კაპიტალს დარჩენილ სამ კომპანიას შორის ყველაზე ნაკლები თანხა ჰქონდა შეთავაზებული მუნიციპალიტეტისთვის.

დარჩენილი ორი კომპანიიდან გამარჯვებული შპს ხაჩა გახდა და მასთან ხელშეკრულება 2019 წლის ივნისში გაფორმდა. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ კომპანია სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ 33,956 ლარს მიიღებდა. კომპანიას სამუშაოები 45 დღის ვადაში უნდა დაესრულებინა.

დღევანდელი მონაცემებით, კომპანიას ხელშეკრულების თანხიდან 31,412 ლარი აქვს მიღებული, აქედან 7,000 – ავანსად. სამშენებლო სამუშოები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ფინანსებოდა.

შპს ხაჩამ საბავშვო სკვერში მოაწყო ფანჩატური, ასევე დამონტაჟდა სასრიალო ატრაქციონი და საქანელა, დაიდგა სკამები და ნაგვის ურნები, კომპანიამ ასევე დააგო ფილები და ბორდიურები და დაამონტაჟა გარე განათების ბოძები. თუმცა მას არ უზრუნია სკვერის გამწვანებაზე, შესაბამისად, შპს ხაჩას მიერ შესრულებული სამუშაოების შემდეგ სოფელ უფლისციხის სკვერი ასე გამოიყურებოდა: (დანართი N1).

რაც შეეხება შპს ხაჩას, აღნიშნული კომპანია 2015 წელს შეიქმნა, საჯარო რეესტრის მონაცემებიც მხოლოდ ამ 2015 წლის არსებობს, რომლის მიხედვითაც, შპს ხაჩას დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ალექსანდრე ხაჩიური იყო,”- წერს “ფლანგვის დეტექტორი”.

გორის მერის ინფორმაციით, “ფლანგვის დეტექტორმა” საკითხი არასწორად წარმოაჩინა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანება დაგეგმილია და აუცილებლად მოეწყობა.

“ეს არაა შეფასება, ეს არის არასწორად წარმოჩენა თემის. ამ ეტაპზე დასრულებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სკვერი ამ ადგილას ადგილობრივების მოთხოვნით გაკეთდა და ეტაპობრივად გამწვანდება კიდეც”,- აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.