შეთავაზების მიუხედავად, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას ამ ეტაპზე არ გეგმავს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა. ისინი ფიქრობენ, რომ არჩევნებიდან 3 თვის შემდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნა ფორმალობა და ფარსია. კომისიის საქმიანობაში ჩართვას ამ ეტაპზე არ აპირებენ “გირჩი” და “მოქალაქეებიც”, თუმცა კოლეგებისგან განსხვავებული მოსაზრებით. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.
“თუ დანარჩენი ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით. ჩვენ ვთვლით, რომ ძირითადი მტკიცებულებები, რაც ამ არჩევნების გაყალბებასთან არის დაკავშირებული აქვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჰყავდა წარმომადგენლები და მათ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ კომისიაზე,” – განაცხადა “მოქალაქეების” გენერალურმა მდივანმა ლევან იოსელიანმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიას არც ამომრჩევლის, არც ოპოზიციური პარტიების და არც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ნდობა არ ექნება.
“ვის წინაშე ექნება ნდობა? არც ამომრჩევლის, არც ოპოზიციური პარტიების, არც საერთაშორისო პარტნიორების. მიზანი რა არის, რას ემსახურება? ერთადერთი, რომ იძახონ – აი კომისიაში არ შემოვიდა ოპოზიცია, მაგრამ ოპოზიცია როგორ მიიღებს მნიშვნელობას კომისიის შემადგენლობაში, თუ კი ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში, ამიტომ ოპოზიცია, რომ პარლამენტში შევიდეს იცის ხელისუფლებამ რა არის ამისთვის გასაკეთებელი,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.
“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” სპიკერი თორნიკე დიასამიძე ამბობს, რომ უმრავლესობამ ოპოზიციას ყველა დონეზე უთხრა უარი სიმართლის დადგენასთან დაკავშირებით.
“როდესაც არსებობდა სამართლებრივი გზები სიმართლის დადგენისთვის, მაშინ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას ყველა დონეზე უარი უთხრა და “ქართული ოცნება” მეორე “ქართულ ოცნებასთან” ერთად თუ აპირებს ახლა თავიანთი დანაშაულები გამოიძიონ, ეს იქნება ქართული საზოგადოებისთვის უბრალოს თვალებში ნაცრის შეყრა,” – აცხადებს თორნიკე დიასამიძე.
“ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დადუნაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიერ გამოტანილი ნებისმიერი დასკვნა რეალობას აცდენილი იქნება.
“ეს “ქართული ოცნება” “ქართულ ოცნებასთან” ერთად ზის პარლამენტში და “ქართული ოცნების” გაყალბებულ არჩევნებზე საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელებს და დასკვნას, რომელსაც ის გამოიტანს, რა თქმა უნდა, აცდენილი იქნება რეალობას,” – აცხადებს თაზო დადუნაშვილი.