ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტესობას წყალი არ მიეწოდება, მიწოდებული წყალი კი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება, – წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის დაკსვნაში ვკითხულობთ, რომ ქალაქ ზესტაფონისა და დაბა შორაპნისათვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. დანარჩენი დასახლებული პუნქტებისათვის წყალმომარაგების უზრუნველყოფა ფუნქციურად არ ევალება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არც ერთ სუბიექტს. 2015 წლიდან მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული პრიორიტეტების დოკუმენტები არ ითვალისწინებს სასმელი წყლის სისტემების დაფინანსებას.
შესაბამისად, მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტის მიერ პრიორიტეტად არ არის მიჩნეული.
“ამ მიმართულებით თანხების გამოყოფას არც 2020 წელს მიღებული დოკუმენტი ითვალისწინებს, 2020-2023 წლების სამოქმედო პერიოდისათვის. 2018-2019 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვადასხვა სოფლის მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სულ გაწეულია მხოლოდ 210.2 ათასი ლარის ხარჯი. აქედან, თანხის დიდი ნაწილი – 144.5 ათასი ლარი მოდის 2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებზე (ჭების მოწყობა, ავზების, წყლის მილებისა და სხვა მასალების შეძენა).
შედეგად, წყლის სისტემების მოწყობარეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნის დაკმაყოფილებას”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის 57 სოფელში მცხოვრები 17611 ოჯახიდან: 2761 ოჯახს წყალი მიეწოდება მუდმივად; 10665 ოჯახს წყალი მიეწოდება გრაფიკით; 4185 ოჯახს წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება და სარგებლობს ჭებითა და წყაროებით.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი არ აწარმოებს სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევას. ჭები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი წყლის დაქლორვის საშუალებებით. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სოფლის მოსახლეობაზე მიწოდებული წყლის ხარისხი არ მოწმდება.
ასევე, აუდიტის ინფორმაციით, მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემის გადასაწყვეტად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების ნაწილი დაუსრულებელია.
“კერძოდ, პროგრამის დაფინანსების სიმცირის გამო ვერ მოხერხდა მოწყობილი ჭების გამოყენება – დასაქსელია სისტემა, შესაძენია ძრავები, მრიცხველები და სხვ”, – წერია ანგარიშში.
აუდიტის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშზე მუდმივად ერიცხება საკმარისი თავისუფალი ნაშთი, მუნიციპალიტეტმა არ გამოყო დაფინანსება პროგრამის ფარგლებში დაწყებული სამუშაოების დასასრულებლად.
“2018-2019 წლებში წყლის მომხმარებელი აბონენტების გამრიცხველიანების სამუშაოები არ დაფინანსებულა, რაც ხელს შეუწყობდა წყლის ეკონომიას და თანაბარ განაწილებას”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პრობლემები: მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არ არის საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს, მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული საკითხი არ არის მიჩნეული პრიორიტეტად და პასუხისმგებელ პირებს ქმედითი ღონისძიება საკითხის მოსაგვარებლად არ განუხორციელებიათ.
აუდიტის რეკომენდაციაა, მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების მოწესრიგებას და წყლის ხარისხის შემოწმებას. ამასთანავე, ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.