შიდა ქართლში, სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – პროექტის ღირებულება 3,8 მლნ-ია

339

შიდა ქართლის რეგიონში, სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, რეგიონში 2000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად მოირწყვება.

„სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები უტარდება სალთვისის მაგისტრალურ და წყალგამანაწილებელ არხებს საერთო სიგრძით 30 კილომეტრი. პროქტი ასევე მოიცავს რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას“, – განაცხადა დავით წითლიძემ.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 7 სოფლის – (ქვემო ხვითი, ყელქცეული, ქარელი, ძლევიჯვარი, დირბი, ბრეთი, ბრეთის მეურნეობა) მოსახლეობა ისარგებლებს.

პროექტის ჯამური ღირებულებაა – 3 877 000 ლარი.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.