გლდანის რაიონში ლიბანის ქუჩა N1 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება

482

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჟამად, შიდა ეზოს მოწესრიგება ლიბანის ქუჩა N1 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები. ამასთან, პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 75 000 ლარამდე არის გათვალისწინებული.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

“გლდანის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. შესაბამისად, სამუშაოები არაერთ მისამართზე დაიწყო, მათ შორის, ლიბანის N1 კორპუსის მიმდებარედ. გზის საფარის მოწესრიგებამდე აუცილებელია მიწისქვეშა კომუნიკაციის რეაბილიტაცია.

გასულ წელს, გლდანის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კორპუსის წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა. ახლა კი, შიდა ეზო წესრიგდება”, – განაცხადა ლევან ნაროუშვილმა.