გორის მერიის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაფინანსება წელს 8 მლნ 600 ათასი ლარითაა განსაზღვრული. რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით ორგანიზაციის ბიუჯეტი 1 300 000 ლარითაა გაზრდილი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დაფინანსების გაზრდა ძირითადად ახალი საბავშვო ბაღის გახსნითა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებზე ხელფასების მატებითაა განპირობებული.
“სააგენტოს ბიუჯეტის ზრდის ძირითადი მიზეზებია: საბავშვო ბაღის პერსონალის შრომის ანაზღაურების გაზრდა. 2020 წლის 1 ოქტომბრიდან, გორში, სადგურის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის გახსნა. ასევე რამდენიმე საბავშვო ბაღში დამატებთი ასაკობრივი ჯგუფების დამატება. საკვებ პროდუქტებსა და კომუნალურ ხარჯებზე ფასების ზრდა”,-განმარტავენ სააგენტოში.
გასულ წელს, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბიუჯეტი 7 მლნ 470 ლარს შეადგენდა, აქედან, 5589 ლარი დანამატის სახით გაიცა, იმ პირებზე, რომლებიც დროებით, შვებულებაში გასული თანამშრომლების მოვალეობას ასრულებდნენ. 2020 წლის განმავლობაში, საკომუნიკაციო ხარჯებმა -10 879 ლარი შეადგინა, საწვავისთვის -12 352 ლარი, სოფლის ბაღებში აღსაზრდელების ტრანსპორტირებისთვის კი 30628 ლარი დაიხარჯა. საკანცელარიო ნივთების შესაძენად კი 47 755 ლარია გაწერილი.