გორის საჯარიმო ავტოსადგომზე ნაგვის მანქანის დგომის გამო ბიუჯეტიდან 2000 ლარია გადასახდელი

498

გორის საჯარიმო ავტოსადგომზე, მერიის კუთვნილი ნაგვის მანქანის დგომის ღირებულება 2 000 ლარამდე გაიზარდა. ამ თანხას ბიუჯეტიდან გადაიხდიან. კერძო ავტოსადგომზე ნაგვის მანქანა 190 დღე იყო დაყენებული. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

კეთილმოწყობის სააგენტოს უფროსი ბაჩანა გვიანიშვილი ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს ბიუჯეტი 3 მლნ ლარს აღწევს, 2 ათასი ლარის გადახდა არ ჭირს.

მისი თქმით, საჯარიმო თანხის გადახდა არ მოხდება სხვა მუხლების შემცირების ხარჯზე. კეთილმოწყობის სააგენტოს აფინანსებს მერია.

,,გარდა იმისა, რომ ჩვენ ბიუჯეტიდან ვფინანსდებით, გვაქვს ასევე კერძო მომსახურებები. ნარჩენების გატანაში ვემსახურებით კერძო კომპანიებსაც, რის სანაცვლოდ თანხას იხდიან. მაგალითად, გასულ წელს, ლამის 200 000 ლარი მივიღე დამატებითი შემოსავალი. შესაბამისად, ავტოსადგომზე დგომისთვის გადასახდელი თანხა არც ერთ თანამშრომელს ან რაიმე სხვა მუხლს მოაკლდება,” – აღნიშნავს გვიანიშვილი.

ბაჩა გვიანიშვილი იმასაც განმარტავს, რომ საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის ფასი გაიზარდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგან ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, ავტოსადგომიდან მანქანის გამოსაყვანად გამომძიებლის ნებართვა იყო საჭირო:

,,როცა დამთავრდა გამოძიება, მაშინ გამოვიყვანეთ, აბა რა გვექნა?” – განაცხადა ბაჩანა გვიანიშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულებთან ან საგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით, დალუქული ავტომანქანები იძულების წესით, გორი-სიტის ავტოსადგომზე მიყავთ. დგომის გადასახადს კი მოქალაქეები იხდიან.