გიორგი ვაშაძე მოსახლეობასთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებელს შეხვდა

1176

პოლიტიკური პლატფორმა „ერთობა – ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე, მოსახლეობასთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებელს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძემ, ირაკლი ხელაძეს იმ პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც ყოფილ მე-15 სკოლაში შესახლებულ ადამიანებს აწუხებთ.

„სოციალურად დაუცველი ოჯახები, ყოფილი სკოლის ავარიულ შენობაში რამდენიმე წელია ცხოვრობენ. ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებული პრობლემა კი ანტისანიტარიაა, ვინაიდან პირველი სართული სავსეა ვირთხებით და ქვეწარმავლებით. მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე გაზიფიცირებისა და ელექტროენერგიის საკითხი“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩვენ ცხარე კამათი გვქონდა გამგებელთან. მთავარი პასუხი რაც მისგან მივიღეთ, იყო ის, რომ ეს მას არ ეხება და მათ მხოლოდ შუამდგომლობის დაწერა შეუძლიათ, სწორედ ამიტომ ვაბობ, რომ გამგეობები უნდა გაუქმდეს. ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი წარმონაქმნი. რისთვის ვუხდით ამ ადამიანებს ხელფასებს თუ არც ერთი საკითხი მათ ფუნქციაში არ არის. შევთანხმდით, რომ ხვალ მოიტანენ ყველა წერილს, რაც მოქალაქეებს აქვთ და ერთ კვირაში გადავამოწმებთ, რას გააკეთებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„მე-15 სკოლაში შესახლებული ადამიანების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს გამგეობას, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამგეობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შუამდგომლობა უკვე დაყენებულია და უახლოეს მომავალში მოხდება განაცხადის დაკმაყოფილება“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი