ქალაქში განუკითხაობა მიუღებელია – კალაძე მძღოლებს არასწორი პარკირების გამო მიმართავს

364

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მძღოლები, რომლებიც ავტომობილებს ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებსა და ზებრა გადასასვლელებზე გააჩერებენ, დაჯარიმდებიან. როგორც მან განაცხადა, ქალაქში ამ მხრივ “ქაოსი და განუკითხაობაა” და ეს მიუღებელია.

“ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, რაც ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს ადამიანებისთვის, დავუშვით შესაძლებლობა, რომ ავტომობილებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ. ასევე, გავაფრთხილეთ თბილისის პარკინგის თანამშრომლები, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ამ რთულ ვითარებაში მძღოლების დაჯარიმებისგან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ქაოსი და განუკითხაობა იყოს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია”, — აღნიშნა კალაძემ

მისი თქმით, მძღოლები მანქანებს ე.წ. ბასლაინებსა და ზებრაგადასასვლელებზე ტოვებენ. მან ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ აღნიშნულ საკითხს მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ.

„მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილეთ ჩვენი თანამშრომლები, ძალიან ლოიალურები ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში, ვერ დავუშვებთ ქაოსს და განუკითხაობას ქალაქში, რადგან ეს სერიოზულ დისკომფორტს და უკმაყოფილებას იწვევს მოქალაქეებში”, — განაცხადა კალაძემ.