,,ხალხის პარტიის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ანა კეკენაძემ, მხარდამჭერებთან ერთად რუსთავის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსთავში თანხის გადაუხდელობის გამო სტატუს შეჩერებული 720 სტუდენტია. აქციის მონაწილეები მერიას მოუწოდებდნენ, სტუდენტები დააფინანსონ, რათა მათ შეძლონ სწავლის გაგრძელება.
აქციის მონაწილეებს რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახურის უფროსი, თამარ აქუბარდია შეხვდა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თვითმმართველობა სტუდენტებს არ ეხმარება, სიცრუე უწოდა, რასაც ,,ხალხის პარტიის” წარმომადგენლების პროტესტი მოყვა.
როგორც თამარ აქუბარდიამ განმარტა, მერიაში მოქმედებს სოციალური პროგრამა, რომლითაც ყველა ის სტუდენტი ფინანსდება, ვინც თანხის გადახდას ვერ ახერხებს და მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს, ,,ხალხის პარტიის” განცხადებებს კი სიცრუე და პიარკამპანია უწოდა.
”ეს არის პოლიტიკური პარტიების მორიგი მცდელობა, საკუთარი პიარკამპანია ხელისუფლების და ამ შემთხვევაში მერიის ლანძღვაზე ააგონ. რუსთავის მერიაში მოქმედებს სოციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე კატეგორიის სტუდენტს, მათ შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, რომელთაც აქვთ საშუალოზე მაღალი აკადემიური მოსწრება და რომლებიც განცხადებით მიმართავენ რუსთავის მერიას, უფინანსდებათ სწავლის საფასური. ამასთან ერთად, ყოველთვიურად, თითოეულ სტუდენტს მგზავრობის ხარჯების დასაფარად თვითმმართველობისგან ანგარიშზე 50 ლარის ოდენობის თანხა ერიცხება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში თამარ აქუბარდიამ.
წყარო: ინტერპრესნიუსი