პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს და დისკუსიისთვის დრო დატოვონ.
როგორც “გირჩის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს.
“ხვალ “ქართული ოცნება” ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. პარალელურად, მეგობარი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. არცერთი მხარე მოლაპარაკების შეწყვეტის სურვილს საჯაროდ არ გამოთქვამს, შესაბამისად, არც მის ჩაშლაზე იღებს პასუხისმგებლობას. “ქართული ოცნება”, როგორც მმართველი პარტია, საკამათო არჩევნების ჩატარებაზე მთავარი პასუხისმგებელია. ლოგიკურია, რომ მომატებული პასუხისმგებლობა შედეგად განვითარებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზეც მას ეკისრება. ჩვენი აზრით, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გვინდა ჩვენს კოლეგებს “ქართული ოცნებიდან” ვთხოვოთ, საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს, საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას. გადადონ ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დრო დისკუსიისათვის, რათა პარლამენტის წევრებმა და მათმა ამომრჩეველმა შეთანხმების მნიშვნელობა და შეუთანხმებლობის რისკები გაიაზრონ, ხოლო საბოლოო მოლაპარაკების რაუნდის წინ, მოლაპარაკების მაგიდასთან, ამ რისკების გააზრებით მივიდეთ. თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, “ქართული ოცნება”კოლეგებს უფლებამოსილებას მაინც შეუწყვეტს, ამას მივიღებთ “ქართული ოცნების” მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და “გირჩის” მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს”, – ნათქვამია “გირჩის” განცხადებაში.
27 იანვარს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათივე განცხადებების საფუძველზე, მანდატები შეუჩერდებათ. თუმცა, მისივე თქმით, შესაბამის კენჭისყრამდე ერთი სხდომა კიდევ ერთხელ ჩატარდება, შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლებს ვერ მისცემენ გარანტიას, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერია პარტია “გირჩის” ერთ-ერთ განაყოფს – იაგო ხვიჩიას, სანდრო რაქვიაშვილსა და ვახტანგ მეგრელიშვილს.
ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა – მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
პარლამენტში შევიდნენ “პარტიოტთა ალიანსის” სიით მოხვედრილი ადამიანები, რომლებმაც სხვა პარტია, “ევროპული სოციალისტები” დააფუძნეს.
ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.