სოფელ ზერტში წყლის სისტემის მოწყობა გრძელდება

309

სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, უბანში მცხოვრები 120-მდე ოჯახი სასმელ წყალს დღემდე მეზობელი უბნებიდან ეზიდება.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისინი წყალს საკუთარ ეზოებში, ინდივიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებენ.

„პროექტი ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347 600 ლარი გამოიყო“, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.