გორში, სამეფო ქუჩის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, პროექტის მიხედვით, გზის საფარი მოწესრიგდება, ხოლო ქუჩაზე არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია არ იგეგმება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“თავდაპირველად ფასადების რეაბილიტაციის საკითხიც განიხილებოდა, თუმცა შემდეგ რაღაც შეიცვალა და მხოლოდ სავალი გზისა და ტროტუარების მოწესრიგება გადაწყდა. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება”, – განაცხადეს მერიაში.
აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები მოიცავს სავალი ნაწილის მოასფალტებას, ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთებას, სანიაღვრე ქსელის მოწყობას, წყლისა და კანალიზაციის სისტემის შეცვლას, ასევე, გარეგანათების, ქვის სკამებისა და ურნების დამონტაჟებას. პროექტზე, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ზაფხულში უნდა დასრულდეს.