თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლები, რომლებიც მათ საკუთრებაში მყოფი ავტომობილის სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას არ გაატარებენ, ტაქსის ნებართვა გაუუქმდებათ. როგორც კალაძემ 27 იანვარს, გამართულ სხდომაზე თქვა, მერიამ პანდემიის პირობებში ტაქსის მძღოლებს ტექნიკური ინსპექტირება გარკვეული დროით გადაუვადა, თუმცა ეს ვადა უკვე ამოიწურა.
„თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. ანუ ტექდათვალიერება არის სავალდებულო იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ეწევა ამ სერვისს. მინდა, ვაცნობო იმ პირებს, რომლებიც ამ მომსახურებას სწევენ, რომ ამ პირობის შეუსრულებლობა ანუ ტექნიკური ინსპექტირების არგავლა ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს“, – აცხადებს კალაძე.
ტაქსის მძღოლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, ტექინსპექტირების ვადებთან დაკავშირებით, თბილისის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა.