ობიექტი, სადაც ქალაქ გორის საავადმყოფო იყო განთავსებული, აუქციონით გაიყიდება

331

წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ობიექტი, სადაც წლების წინ ქალაქის საავადმყოფო იყო განთავსებული, გაიყიდება.

გორის მერიის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხევით, შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარება, ამიტომ თვითმმართველობამ მისი გასხვისება გადაწყვიტა. თავდაპირველად, მერია ამბობდა, რომ შენობის დანგრევა-დაშლის პროცესი დაიწყებოდა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ შესაბამის ზომებს ამ მხრივ, ტერიტორიის ახალი მეპატრონე მიიღებს.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს აუქციონზე გატანამდე საჭირო პროცედურები. ეს ობიექტი საპრივატიზაციო ნუსხაშია, მოხდება მისი აუქციონზე გატანა და ვინც იყიდის ამ ტერიტორიას შემდეგ მისი გადასაწყვეტია აქ რას გააკეთებს”, – განმარტავენ გორის მერიაში.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ტერიტორია გორის მერიას 2020 წელს გადაეცა, მანამდე კი აქ ადგილნაცვალი ოჯახების შესახლება იგეგმებოდა. გადაწყვეტილება დევნილთა სამინისტრომ შენობის ჩამონგრევის შემდეგ შეცვალა და მოვლა-პატრონობისთვის ობიექტი ადგილობრივ თვითმმართველობას გადასცა. გორის მერია ამ ტერიტორიის დაცვისთვის წელიწადში 28 800 ლარს ხარჯავს.