რა პრობლემებია რეგიონებში? – აგრარული კომიტეტი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

381

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო რწმუნებულებთან ონლაინ-ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ასე მათი აღმოფხვრის გზებზე. სახელმწიფო რწმუნებულებმა კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათ რეგიონებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ასევე იმ საჭიროებებზე, რომელთა უზრუნველყოფა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებას და პარლამენტს ხელეწიფებათ.

კომიტეტის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმერეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სავანეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კახეთსა და შიდა ქართლში მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებზე, რომელთაგან ბევრი საერთოა, ზოგიც ცალკეული მხარისთვისაა დამახასიათებელი. საერთო პრობლემებზე საუბრისას აღინიშნა, რომ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი განიცდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაკლებობას, არის ვეტერინარების დეფიციტი, კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა მელიორაციის მიმართულებით, არასაკმარისია სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიები და ხილის გადამამუშავებელი და სამაცივრე მეურნეობები, სხვადასხვა მიმართულების სანერგე მეურნეობები, კვლავაც პრობლემურია სასუქის ხარისხი, მიწის რეგისტრაციის საკითხი და სხვა. გარდა ამისა, ცალკეული მხარე ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი პრობლემების წინაშეც აღმოჩნდა, რომელთა გადაჭრაში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ, მათ შორისაა, ყურძნის ხარისხის შემოწმების, ქარსაცავი ზოლების მართვის სისტემის შემუშავების, სავარგულების გადაწვის და წყალსაცავის, იხტიოლოგების, სადაზღვევო პროდუქტების, სახიფათო ნარჩენების და სხვა საკითხები.

„თითქოს მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს რეგიონებთან, ჩვენს წარმომადგენლებთან, გუბერნატორებთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არასდროს არ არის ზედმეტი ეს კომუნიკაცია და შეხვედრის სხვადასხვა ფორმატი. დაისვა თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ რეგიონებისათვის ძალიან მტკივნეული საკითხები ტექნიკასთან დაკავშირებული, ასევე მიწის რეგისტრაციაზე და ა. შ.

წამოიჭრა ისეთი თემებიც, რომლებზეც ჩვენ, კომიტეტს, რეალურად შეგვიძლია რეაგირება მოვახდინოთ, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის დაზღვევასთან დაკავშირებით, სადაზღვევო პაკეტების და თვით სადაზღვევო პროდუქტის გაზრდაზე. გამოიკვეთა პროფესიული საჭიროებები რეგიონში, იქნებიან ესენი ვეტერინარები, იხტიოლოგები, თუ სხვა მიმართულების სპეციალისტები.

შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე გვექნება კომუნიკაცია სამინისტროსთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხოთ მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა, მოვიზიდოთ დონორები, ფერმერთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ხელი შევუწყოთ მათ სწავლებას და სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგების ჩატარებას. გუბერნატორებისგან წამოსული არც ერთი წინადადება არ დარჩება ჩვენი ყურადღების მიღმა და ვეცდებით, საპარლამენტო ფორმატში გადავჭრათ წამოჭრილი საკითხები“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.