გორის მერიამ შინდისის გმირების გამზირზე აბრები რუსულ კომპანიას დაუკვეთა

734

გორში, კომბინატის დასახლებაში, შინდისის გმირების გამზირზე ქუჩის ნომრის აღმნიშვნელი აბრები რუსულმა კომპანია “მაქსიმმა” დაამზადა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია თრიალეთი ავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ “მაქსიმმა” აბრას საკუთარი ტაქსის რეკლამაც დაურთო. გარდა ამისა, რუსულმა კომპანიამ “შინდისის გმირების გამზირის” ნაცვლად, აბრაზე “შინდისის გმირების გზატკეცილი” დააწერა.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია შინდიდის გმირების შეურაცხყოფად აფასებენ გორიის მერიის ამ გადაწყვეტილებას. ისინი გორის მერისგან ბოდიშის მოხდასა და რუსული კომპანიის მიერ გაკეთებული ბანერების დემონტაჟს, სანაცვლოდ კი, ახლის გაკეთებას მოითხოვენ.

მერიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ტელეკომპანია “თრიალეთთან ამბობს, რომ შინდისის გმირების გამზირის გარდა, მაქსიმმა მათ სხვა ქუჩების აბრების დამზადებაზეც მიმართა. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ყველაფერი კონკურენციისა და კანონმდებლობის შესაბამისად არის გაკეთებული.

“კომპანიამ მოგვმართა, ჩვენთვის არ არის ცნობილი რუსულია თუ სადაურია. შემოგვთავაზა, რომ განათავსებდა აბრებს და მათი სარეკლამო პატარა ბროშურაც იქნებოდა განთავსებული. მერიამ განიხილა, კანონმდებლობაში ჯდებოდა და გასცა თანხმობაც. ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მსგავსი რაღაცის გაკეთება, ქართული იქნება თუ უცხოური”, — განაცხადა თრიალეთთან მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე თარხნიშვილმა.