სამოქალაქო აქტივისტებმა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა მსვლელობით გააპროტესტეს

329

სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ ე.წ კომენდანტის საათი დაარღვიეს და არსებულ რეგულაციებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს.

მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ გამართული აქციის გამო, ისინი 2000-ლარიანი ჯარიმით დაჯარიმდნენ.

“ბიძინა ივანიშვილის მიზანი გახლავთ, რომ საქართველოში ბოლომდე გამყარდეს დიქტატორული რეჟიმი და სწორედ ამას იუწყება ის “კომენდანტის საათი”, რომელიც არჩევნების გაყალბებიდან ერთ კვირაში დაგვიწესეს. ჩვენ ამ “კომენდანტის საათის” დასრულებას ველოდით თვეების განმავლობაში, თუმცა ყოველ ჯერზე “კომენდანტის საათი” კი არ უქმდება, გრძელდება დაუსრულებლად. ორი დღის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ “კომენდანტის საათი” დაგვერღვია დემონსტრაციულად, დაუმორჩილებლობა გამოგვეცხადებინა უაზრო რეგულაციებისთვის, რის შემდეგაც ჩვენ მივიღეთ 2000 – ლარიანი ჯარიმა. მათ ეგონათ, რომ შეგვაშინებდნენ ამით. დღევანდელი აქტი არის პასუხი იმისა, რომ ღირსეულ სამოქალაქო საზოგადოებას არ ეშინია არანაირი დაჯარიმების და დაპატიმრების. 2000- ლარიანი ჯარიმის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვემეორებინა იგივე და თუ ისინი არიან ის პიროვნებები, რომლებსაც შეუძლიათ ღირსეული მოქალაქეების დაპატიმრება პროტესტის გამო, მიიღონ ეს გადაწყვეტილება და მიიღებენ ქუჩაში გამოსულ ათიათასობით და ასიათასობით ახალგაზრდას, რომლებიც დაასრულებენ დიქტატორულ მმართველობას საქართველოში”,- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ბექა პაპაშვილმა.