ზერტში, ადგილობრივი, რომლის სახლიც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საბავშვო ბაღისთვის ჰქონდა დაქირავებული სააგენტოს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ხათუნა ტერუნაშვილმა რადიო “მოზაიკას” უთხრა, რომ ახალი ფართი, რომელიც სააგენტომ იქირავა გორის რესურცენტრის დირექტორის ნათესავს ეკუთვნის. მას კი ხელშეკრულება დაუსაბუთებელი მიზეზის გამო აღარ გაუგრძელეს.
“ორ წელში სამი კონტრაქტი დამიდეს და მაშინ მქონდა საბუთები მწყობრში და ახლა აღარ მაქვს? ვერაფერს მეუბნებიან. ახალი ფართი ვისგანაც იქირავეს, ძალიან მიუდგომელ ადგილას არის. ჩემი სახლი არის ცენტრალურ ადგილას. თვითონვე შემომთავაზეს. საბავშვო ბაღი ორი წელი არ ფუნქციონირებდა ზერტში, ორი წლის წინ, რომ არჩევნები რომ იყო, თვითონვე მოვიდნენ და მთხოვეს, იქნება მოგვიწესრიგოთ თქვენი სახლი, სადაც ახლა გადაიტანეს საბავშვო ბაღი მაშინაც ნახეს ეს სახლი და არ მოეწონათ. თან ისეთი მიუდგომელი ადგილია იქ ვერავინ ატარებს ბავშვს. ჩემი სამსართულიანი სახლი კარგ ადგილასაა. ახალი ფართის მეპატრონე არის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ბიძაშვილი. ეს არის მიკერძოება?”, – ამბობს ხათუნა ტერუნაშვილი.
ტერუნაშვილის თქმით, სახლის საბავშვო ბაღად გადაკეთების შემოთავაზებას დათანხმდა, რადგან მმართველი პარტიის მხარდამჭერი იყო. მისი ინფორმაციით, ამისთვის ბანკიდან სესხი გამოიტანა, რომელიც ორ წელში უნდა დაეფარა.
“თავზარაშვილი, კოვზიაშვილი და სხვები თვითონ მეხვეწებოდნენ, რომ სახლი გადამეკეთებინა. სულ არ მინდოდა ჩემი სახლი გადამეტიხრა და ასეთი ცვლილებები გამეკეთებინა, მაგრამ დიდი თხოვნითა და ხვეწნით, ოღონდ “ოცნებას” გაემარჯვა მეც დავთანხმდი. თვითონ ჩამიდგნენ თავდებად ბანკში, 18 000 თვითონ გამომატანინეს. ორ წლიანი ხელშეკრულება დამიდეს. საერთო ჯამში 25 000 გადავიხადე ბანკში. თვითონ როგორც მითხრეს, ისე მოვაწყე სახლი, რომ საბავშვო ბაღი განთავსებულიყო. საპირფარეშოებზე რომ იყო პრობლემა, ეგეც გამაკეთებინეს, ეზოში იყო და ზედა სართულზე გავაკეთებინე. ეს ხარჯები დაითვალეს და 3000 ლარამდე გამოვიდა, თავზარაშვილმა მითხრა, რომ იქნებ თქვენი ხარჯებით გააკეთოთ, რადგან კერძო საკუთრებაში მერიას უფლება არა აქვს რამე გააკეთოსო, შემდეგ ამ თანხას ხელფასის სახით დაგირიცხავთო“, – გვითრხა ტერუნაშვილმა.
გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის თქმით, ფართის მეპატრონემ დოკუმენტაციის მოწესრიგება დროულად ვერ მოახერხა და სააგენტოს ახალი ფართის მოძებნა მოუწია.
“მოგეხსენებათ, სოფელში ძალიან ძნელია ისეთი ფართის მოძიება, რომელშიც 4 ჯგუფიან ბაღს განათავსებ. ვიპოვეთ ჩვენს ეს ფართი და ვთხოვეთ ოჯახს, ისე მოეწესრიგებინათ აღნიშნული სახლი, რომ ბაღს ფუნქციონირება შეძლებოდა. ამასობაში, ძველი ფართის მეპატრონესთანაც ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა, დასრულდა ხელშეკრულება 31 დეკემბერს დაც ამის შემდგ, ჩვენ ახალ ფართში გადავიტანეთ საბავშვო ბაღი. ამ ახალ ფართს ეზოც აქვს და ვფიქრობთ, რომ გავაგრძელებთ ურთიერთობას მანამდე, სანამ არ აშენდება ახალი საბავშვო ბაღი. თუკი რაიმე პრეტენზია აქვს ძველი ფართის მეპატრონეს, შეუძლია სამართლებრივ გზებს მიმართოს. რაც შეეხება, ნანა ტერმაკოზაშვილს, მას სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს, მასთან ნათესაური კავშირის გამო, რატომ უნდა შეგვერჩია ფართი?”, – ამბობს ლია კოვზიაშვილი.
ინფორმაციისთვის, ზერტში საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა გასულ წლებშიც დაანონსებული იყო. ძველი შენობა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სააღმზრდელო პროცესისთვის შეუსაბამო იყო, ამიტომ საბავშვო ბაღის ფუნქციონირება ნაქირავებ ფართში გაგრძელდა.