გორის სოფელ ზერტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სწავლას ახალ შენობაში გააგრძელებენ

342

1 მარტიდან ზერტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სააღმზრდელო პროცესი ახალ შენობაში გაგრძელდება. როგორც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ამბობენ, შენობის მეპატრონემ, სადაც აქამდე სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობდა, დოკუმენტაცია ვერ მოაწესრიგა, ამიტომ ახალი ფართი დაიქირავეს.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა, ზერტის საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერა და კიდევ ერთხელ გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას.

“ამ სოფელში ჩვენ დაქირავებული გვქონდა ბაღისთვის შენობა, მაგრამ მეპატრონემ ვერ მოაწესრიგა შენობის დოკუმენტაცია და იძულებულები გავხდით სხვა შენობა მოგვეძებნა. შენობა გამოჩნდა და ახალი ხელშეკრულება უკვე ახალი შენობის მეპატრონესთან გავაფორმეთ. ამ შენობაში ფართობიც მეტია და რაც მთავარია, გვაქვს ეზო, ეს კი განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი პატარებისთვის. უახლოეს პერიოდში ყველანაირად ვეცდებით ამ შენობამდე მისასვლელი გზის მოწესრიგებასაც და ბავშვებს უკვე ყველა პირობა ექნებათ, რომ სააღმზრდელო პროცესი უკეთეს პირობებში გააგრძელონ”, – ამბობს ლია კოვზიაშვილი.