გორის მერია მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარებების გაცემასა და სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის ღირებულების დაფინანსებას 2021 წელსაც აგრძელებს.
გორის მერიის ცნობით, დახმარებების მიღება შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში რეგისრტირებულ მოქალაქეებს.
“სოციალური პროგრამით სარგებლობენ: ონკოლოგიური ავადმყოფები (გამოკვლევები,მკურნალობა, მედიკამენტები;) შშმ პირები; დიალიზზე მყოფი პირები; სოციალურად დაუცველი მოსახლეობა (გამოკვლევები,მკურნალობა, მედიკამენტები გარკვეული კატეგორიას;) დედ-მამით ობოლი ბავშვები; ვეტერანები; მრავალშვილიანი ოჯახები; ასი და ასზე მეტი წლის მოხუცები; რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები; მარტოხელა მშობლები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლები; უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა (ქირით უზრუნველყოფა); ყოფილი მსჯავრდებულები; სტუდენტები და სპორტსმენები (სოციალურად დაუცველი); ხანძრებისა და ბუნებრივი მოვლენებით დაზარალებული პირები; 2021 წელს პროგრამაში განხორციელდა ორი ცვლილება:
მიმდინარე წელს, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება სამის ნაცვლად მოსახლეობის ხუთ კატეგორიას გაეწევა. გარდა დევნილებისა, ომის ვეტერანებისა და უპატრონო მიცვალებულებისა, მიმდინარე წელს გორის მერია უზრუნველყოფს იმ ოჯახების წევრების სარიტუალო ხარჯების დაფინანსებასაც, რომლებიც სარგებლობენ მერიის ქირავნობის პროგრამით და უწყების მიერ უზრუნველყოფილნი არიან დროებითი საცხოვრებელი ფართებით.
მიმდინარე წელს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შემთხვევაში, იმ მოქალაქეებს რომლებიც საჭიროებენ დიალიზის პროცედურას, დაუფინანსდებათ ტრანსპორტირების ხარჯები. გარდა საკრებულოს შესაბამისი დადგენილებისა, მოქალაქეებმა დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ ვებგვერდზე MS.GOV.GE.
მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური დახმარებების განხორციელებას, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.