ცქიტიშვილი სუბართან შეხვედრის შემდეგ: დეცენტრალიზაციის ხელშეწყობისა და რეგიონების განვითარებისთვის ბევრი გვაქვს გასაკეთებელი

472

დეცენტრალიზაციის ხელშეწყობისა და რეგიონების განვითარებისთვის ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს პარლამენტში გამართული რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.

“ბევრი გვაქვს ერთობლივად გასაკეთებელი დეცენტრალიზაციის ხელშეწყობისა და რეგიონების განვითარების  მიმართულებით, რასაც დიდი პოტენციალი აქვს ევროკავშირში ჩვენი წევრობის განაცხადის თვალსაზრისით. ეს არის ის მიმდინარე ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი, რომელსაც როგორც ჩვენ, ასევე საპარლამენტო კომიტეტი ერთად ვაწარმოებთ“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

ცქიტიშვილის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა სამინისტროს მიერ 2020 წლის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულების შესახებ, ერთობლივად განსახორციელებელ გეგმებზე და მათი შესრულებისთვის საჭირო სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზეც ისაუბრეს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური კომუნიკაცია პარლამენტის რეგიონული განვითარების კომიტეტთან, რომელთანაც ძალიან ბევრი საერთო საკითხი გვაქვს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების დამუშავების თვალსაზრისით , ასევე პროექტების შეფასებისა და დაგეგმვის მიმართულებით”, –  აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, საპარლამენტო კომიტეტთან სამუშაო შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება.