გორის მერია: ველობილიკს დაუბრუნდება პირვანდელი სახე, ამაში მერია დამატებით თანხას არ იხდის

399

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის მერია გადათხრილი ველობილიკის შესახებ ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

მერიაში განმარტავენ, რომ კირიონ მეორის ქუჩაზე გადათხრილ ველობილიკს ის კომპანია აღადგენს, რომელიც ამჟამად მიწისქვეშა გაყვანილობის სამუშაოებს ასრულებს.

“პროექტი, რომელიც კირიონ II -ს  ქუჩაზე ხორციელდება არის ამხანაგობის მიერ მოთხოვნილი თანადაფინანსების პროექტი. რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის მოთხოვნით, მერია მოქალაქეების პროექტს აფინანსებს 90 %, ანუ როდესაც მოითხოვეს იქ მაცხოვრებლებმა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, დაიწყო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. ხორციელდება საკანალიზაციო და წყლის სიტემის რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განმარტავენ მერიაში.

გორის მერიის ინფორმაციით, ოპოზიცია ცრუ ინფორმაციებს მიზანმიმართულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ავრცელებს და რეალურად მერიას, ველობილიკის აღდგენაში დამატებითი თანხის გადახდა არ მოუწევს.

“კომპანია, რომელიც სამუშაოებს ასრულებს, ველობილიკს დაუბრუნებს პირვანდელ სახეს, ეს არის მისი ვალდებულება და ამაში მერია დამატებით თანხას არ იხდის. შესაბამისად არაფერი ზედმეტი არ იხარჯება და ოპონენტების მიერ კიდევ ერთხელ არასწორი ინფორმაციის გავრცელებასთან გვაქვს საქმე. მერია მაქსიმალურად ცდილობს, მოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თანადაფინანსების პროექტი ძალიან წარმატებულია და ძალიან ბევრ ადამიანს მოუწესრიგდა საცხოვრებელი პირობები, ეზოები, სადარბაზოები და ა.შ”, – ამბობენ გორის მერიაში.