„შენების მოძრაობამ“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატად გოჩა ბურდიაშვილი წარადგინა

1541

„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგენა. მოძრაობის სახელით, კრწანისში გოჩა ბურდიაშილი იბრძოლებს. ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და  ისაუბრეს ქალაქის მართვის სისტემის მოდერნიზაციის შესახებ. მათი თქმით, თბილისში თანამედროვე მმართველობითი სისტემა უნდა დაინერგოს, რაც გულისხმობს, ქალაქში 25 საუბნო ადმინისტრაციის შექმნას, რითაც ქალაქი გახდება მოქალაქეზე  ორიენტირებული.

„დღეს, თბილისში, მმართველობითი სისტემა არის ქაოტური. ის უნდა გახდეს მობილური და მოსახერხებელი მაცხოვრებლებისთვის. მოქალაქეს არ უნდა სჭირდებოდეს უამრავი ინსტანციის გავლა, რათა პრობლემა მოაგვაროს. თვითმმართველობის სისტემის მოწესრიგება არის ჩვენი პროგრამის მთავარი პრიორიტეტი. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი უნდა იყოს რეალურად  დამოუკიდებელი ორგანო, რისთვისაც საჭიროა თვითმმართველობის რეფორმის, ბოლომდე მიყვანა“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა.

მოსახლეობას მიმართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გოჩა ბურდიაშვილმა.

„მე, ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას, თქვენს წინაშე. მეც, აქ ვცხოვრობ  და ვიცი რას სჭირდება და რა უჭირს, ჩემს უბანს. რთულია, თუმცა შესაძლებელია ბევრი იმ პრობლემის მოგვარება, რაც კრწანისელებს აწუხებს. მჯერა რომ ერთმანეთის მხარში დგომით ყველაფრის მიღწევა და მოგვარება შესაძლებელია. მზად ვარ, ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ თქვენი ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს“, – განაცხადა გოჩა ბურდიაშილმა.