საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, თბილისის მთავრობას მიეცა უფლება, საკრებულოს თანხმობით, აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენს, აგრეთვე, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემული ქონების მიმღებს შეუცვალოს ან გაუუქმოს ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო ან ფინანსური პირობა.
საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ინიციატორებიც პარლამენტის წევრები – თბილისის მერის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე, აგრეთვე, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრები – ბექა დავითულიანი და ირაკლი ზარქუა იყვნენ, საქართველოს ორგანულ კანონში – “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში”, დაჩქარებული წესით, ცოტა ხნის წინ შევიდა.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები დედაქალაქისთვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭებას პანდემიით ხსნიან და აცხადებენ, რომ “საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, თბილისის ქონებით მოსარგებლე პირების მიმართ გატარდება საშეღავათო რეჟიმი, რაც დადებით გავლენას იქონიებს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე”, თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილება შეამცირებს თავად მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლებს.
„სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, არა თუ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო ებრძვის ახალ კორონავირუსს (COVID-19), რის გამოც შეფერხებულია მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები. ეს კი, ცხადია, მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესსექტორს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებული იქნება, თუ, გარკვეული ნაბიჯების გადადგმით, მოხდება ბიზნესისათვის გარკვეული შეღავათების დადგენა. ამ მიზნით, მიზანშეწონილია, რომ პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს თბილისის მთავრობას მიეცეს შესაძლებლობა, თბილისის საკრებულოს წარუდგინოს წინადადება აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. რაც შეეხება მთავრობის წინადადების შინაარსს, ცხადია ეს დაკავშირებული იქნება ეპიდემიის ან/და პანდემიის მდგომარეობის შინაარსთან და მის მასშტაბებთან. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი, საშეღავათო წინადადების შინაარსს განიხილავს კონკრეტული მდგომარეობის გათვალისწინებით”, – ნათქვამია საკანონმდებლო ინიციატივის დასაბუთებაში.
აქამდე თბილისს ფინანსური და საინვესტიციო პირობების შეცვლის ან გაუქმების უფლება მხოლოდ პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებულ, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით ჰქონდა, აუქციონის ფორმით პრივატიზებულ, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებული ფინანსური და საინვესტიციო პირობის შეცვლის შესაძლებლობას კი, კოდექსი მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლეოდა, თუ თბილისის ქონების პრივატიზება, სარგებლობის ან მართვის უფლებით
გადაცემა 2013 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა.
ცვლილების შედეგად, რომელიც “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 1633-ე მუხლში შევიდა, თბილისის მთავრობას მიეცა უფლება, “ეპიდემიის ან/და პანდემიის მდგომარეობის დროს, ან მისი გაუქმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა, მიმართოს საკრებულოს და მოითხოვოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის, ან გაუქმების, ან/და ფინანსური პირობის შეცვლა”.
“მუნიციპალიტეტის ეს უფლებამოსილება ეხება ფინანსურ და საინვესტიციო პირობებთან დაკავშირებით შეღავათების დადგენას, შესაბამისად, ცხადია, ამ შეთხვევაში გავლენა იქნება დადებითი. ამ უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი სუბიექტებისათვის განსაზღვრული ქონების გადაცემის სანაცვლოდ სარგებლობის ქირების ოდენობა შეიცვლება შემცირების კუთხით. გარდა ამისა, შესაძლებელია, მოხდეს საინვესტიციო პირობების გაუქმება ან შეცვლა ლიბერალიზაციის კუთხით, რაც, ასევე, აისახება ამ სუბიექტების ფინანსურ მდგომარეობაზე,“- აცხადებენ საკანონმდებლო ცვლილების ავტორები.
მათივე თქმით, ახალი უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, “მოსალოდნელია გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამ უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი სუბიექტებისათვის განსაზღვრული ქონების გადაცემის სანაცვლოდ სარგებლობის ქირების ოდენობა შეიცვლება შემცირების კუთხით, რაც, რასაკვირველია, გულისხმობს ადგილობრივი
ბიუჯეტის შემოსულობების შემცირებას. გარდა ამისა, შესაძლებელია მოხდეს საინვესტიციო პირობების გაუქმება ან შეცვლა ლიბერალიზაციის კუთხით, რაც, ასევე, გარკვეულწილად აისახება ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებაზე”.
ჯერ-ჯერობით, უცნობია, რა ოდენობის შემოსავალს დაკარგავს თბილისის ბიუჯეტი აღნიშნული შეღავათების ამოქმედების შემთხვევაში, აგრეთვე, უცნობია, თუ საიდან შეავსებს ამ დანაკლისს თბილისის მთავრობა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილება მხოლოდ დედაქალაქს შეეხო. საკითხის განხილვისას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრმა, ეკა სეფიაშვილმა კანონპროექტით გათვალისწინებული შეღავათების დაწესება, თბილისის გარდა, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც მოითხოვა, თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ “კომიტეტი ამ საკითხს საგაზაფხულო სესიისთვის დაუბრუნდება და, საჭიროების შემთხვევაში, იგი შესაბამისი კანონპროექტით პარლამენტს მიმართავს”.