სარჯველაძე: თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტის რეზულტატის სახით გამოყენება მიუღებელი და პრინციპულად არასწორია

387

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტის რეზულტატის სახით გამოყენება მიუღებელი და პრინციპულად არასწორია, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის აზრით, აღნიშნული წინადადება უარსაყოფია.

“თუკი ოპოზიციასთან შეთანხმება საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაზე მოხდება, ქვეყნის საკეთილდღეოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მეეჭვება, შესათანხმებელი თემა იყოს ადგილობრივი არჩევნების პლებისციტის რეზულტატად გამოყენება”, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ შეთანხმების თემად უსაფუძვლოდ, დასაბუთების გარეშე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დაყენება გამორიცხულია.

“მიუღებელია, რომ ამასთან დაკავშირებით კომპრომისი გაკეთდეს. რაც შეეხება შესაძლებლობას, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, სამართლებრივად ეს შესაძლებელია, თუ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საკუთარი პრეტენზიების დასაბუთებას შესძლებს. თუკი ეს ვერ მოხერხდა, დაუშვებელი და წარმოუდგენელია, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დავთანხმდეთ”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.