გორის მერიამ სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

310

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 929 ათას 555 ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

შენობის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიგეგმა, თავდაპირველად, მერიამ ტენდერი რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად გამოაცხადა და ამისთვის 19 200 ლარი გაითვალისწინა.

ამჟამად კი უშუალოდ სამუშაოების შესრულებისთვის შეარჩევს კომპანიას, რომელმაც ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 5 თვეში უნდა დაასრულოს.

გარდა აღნიშნულისა, წელს გორის მუნიციპალიტეტში კიდევ 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება. თუმცა ამ დროისთვის შინდისისა და შერთულის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის სამუშაოები ჯერჯერობით არ დაგეგმილა.