რატომ გაძვირდა დენი – ნარმანიას განმარტებᲐ

778

ტარიფების ზრდაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, პირველ რიგში, ეს არის პანდემია და პანდემიიდან გამოწვეული მოხმარების შემცირება, ასევე ბოლო ორი წელი არ იყო უხვი ნალექები და შესაბამისად, ჰიდროელექტრო სადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ენერგია დააკლდა ენერგიის კალათას, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებების შეფასებისას განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, კიდევ იყო რამდენიმე ფაქტი, რამაც ტარიფის ზრდაზე მოახდინა გავლენა.

„ყველა ფაქტორი დეტალურად გავაანალიზეთ და შემდეგ უკვე იქნა შეწონილი ეს ყველაფერი საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დაანგარიშებაში. რაც შეეხება გაცვლით კურსს, ჩვენ გაცვლითი კურსი ავიღეთ ბიუჯეტის პროექტში არსებული გაცვლითი კურსი, ერთი დოლარი – 3.30, ეს ყოველთვის ასე ხდება. მარეგულირებელი კომისია ეყრდნობა ბიუჯეტის პროექტში არსებულ კურსს. რასაკვირველია, ეროვნული ვალუტის კურსი, რომელიც ასევე გამოწვეული იყო დიდწილად პანდემიური ფაქტორებით, ახდენდა გავლენას და აძვირებდა შესასყიდი ენერგიის მოცულობას. აქედან გამომდინარე, ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2020 წელს კომპანიებს საკმაოდ დიდი მინუსები ჰქონდათ დაგროვებული და სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით, ეს მინუსები მათ ეტაპობრივად, შემდგომი სამი წლის განმავლობაში უნდა ამოიღონ. ჩვენ ტარიფში ავსახეთ მხოლოდ და მხოლოდ სამომავლოდ აუცილებელი ისეთი პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ იგივე ვთქვათ დედაქალაქშიც, რეგიონებშიც მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლებას. თუმცა საინვესტიციო გეგმების ჯამური გავლენა ტარიფებზე ძალიან დიდი არ არის, ერთ თეთრამდეც არ არის. ჩვენ რომ კომპანიების მაქსიმალურად ყველა ხარჯი და ყველა წარმოდგენილი პროექტი გაგვეთვალისწინებინა, მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი იქნებოდა ტარიფი, რომლის დადგენაც ჩვენ მოგვიწევდა“, – განაცხადა ნარმანიამ.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ასევე, ტარიფი ძვირდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის.