ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოხდება, რაც ბიუჯეტშიც აისახება. მან დღევანდელ ბრიფინგზე არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს.
„ტარიფის სუბსიდირება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოხდება, რაც ბიუჯეტში აისახება. აქედან გამომდინარე, ერთწლიანი გეგმა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ასევე შეგახსენებთ, რომ შემდეგი ერთი წელი იქნება პოსტკრიზისული წელი, ყველაზე მძიმე. ნამდვილად სწორი და გამართლებულია, რომ იმ შეზღუდული ბიუჯეტიდან, რომელიც გვაქვს და ისედაც დატვირთულია სოციალური პროგრამებით, გამოვნახოთ თანხები იმისთვის, რომ მოსახლეობას დამატებითი წნეხი თავიდან ავარიდოთ.
სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს იმიტომ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა. ამას ზოგადად მსოფლიოსი ვხედავთ. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუმციროთ მათ დამატებითი დანახარჯები. პარალელურად, ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით გაცემული გვქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზამთრის პერიოდში, 4 თვის განმავლობაში პრაქტიკულად სრულად ხდება გარკვეული კატეგორიის სუბსიდირება“,-განაცხადა თურნავამ.