გორის მერი: 2021 წლის სახელფასო ფონდი გაზრდილია, თუმცა ეს ხელფასების მატებას არ ნიშნავს

514

„თანამშრომლებს 300 ათასი ლარით ხელფასებს  ვერ მოუმატებ“-ასე გამოეხმაურა გორის მერი ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც  2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გაზრდილ სახელფასო ფონდს ეხება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტს სიღრმისეულად არ გასცნობია და უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გორის საკრებულოში ვასილისა ჯაბახიძემ გორის მერი საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სახელფასო ფონდის მატების პარალელურად, ახალ ბიუჯეტში უსახლკარო ოჯახებზე არაფერია გათვალისწინებული. ოპოზიციის აღნიშნულ კრიტიკას გორის მერმა რადიო „მოზაიკასთან“ საუბრისას უპასუხა.

“2021 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი 300 ათასი ლარით არის გაზრდილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელფასები იზრდება. თუ 2021 წელს გაგრძელდა პანდემია და ალბათ გაგრძელდება, ამის გამო ზეგანაკვეთური შრომის შესრულება თუ მოუწიათ, მოტივაციის სახით შეიძლება რაღაც თანხა მივცეთ. თუ ამის საჭიროება არ იქნება და მათ ზედმეტი მუშაობა არ მოუწიათ პანდემიიდან გამომდინარე, ეს თანხა არ გაიხარჯება ამისთვის, დაბრუნდება უკან და წავა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. იყო წელს მაგალითად ასეთი შემთხვევა რომ ბანკებთან უამრავი მომხმარებელი იყო მისული და ჩვენი თანამშრომლები იდგნენ და მოუწოდებდნენ, რომ დაეცვათ დისტანცია და ა.შ. ასევე ძალიან დიდი რისკის ქვეშ იყვნენ დადიოდნენ სახლებში და თვითიზოლაციაში მყოფებს, ვისაც გარეთ გამოსვლა არ შეეძლოთ, საკვებს ურიგებდნენ. რაც შეეხება უსახლკარო ოჯახებს, ჩვენ გვაქვს სოციალური პროგრამის მუხლი, სადაც გვაქვს თანხა ჩადებული და 105 ათასით არის გაზრდილი“,-აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.