ქობულეთური კერძები ახალ ვიდეორგოლშია წარმოჩენილი. კლიპი, რომელშიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი უგემრიელესი კერძები და დესერტია წარმოჩენილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქობულეთური სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ვიდეოგადაღებები ქობულეთის სოფელ ლეღვაში, 170 წლის სახლის ეზოში, ულამაზეს გარემოში მიმდინარეობდა.
„აჭარული სამზარეულოს საიმიჯო რგოლის შემდეგ ონლაინ სივრცეში, უკვე ქობულეთური სამზარეულოს ვიდეორგოლი გამოჩნდა. რგოლში წარმოდგენილი კერძები – მაჯუნი, იახნი და აჩმა ცნობილმა შეფმზარეულმა მიშა ავსაჯანაშვილმა ადგილობრივ მზარეულ როინ ფაღავასთან ერთად მოამზადა.
ქობულეთური სამზარეულოს შესახებ, ასევე მომზადდა ვიდეოგაკვეთილები და ფოტორეცეპტები, სადაც მზარეულებმა კერძების, როგორც ტრადიციული ისე თანამედროვე ვარიაციები წარმოადგინეს. საიმიჯო რგოლების, ვიდეოგაკვეთილების, ფოტორეცეპტების, ისევე როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ტრენინგ-სემინარების, ნახვა მსურველებს სერვისების ახალ ონლაინპლატფორმაზე იანვრიდან შეეძლებათ.
პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ქართული სამზარეულოს, ქართული კულინარიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ასოციაციამ იმუშავა. ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანიამ „რედპოინტი“ გადაიღო, მუსიკა კი ჯგუფმა „ინსაითი“ სპეციალურად ვიდეორგოლისთვის დაწერა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.