თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს დედაქალაქის ქუჩები. როგორც მან საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია მოხდეს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს დედაქალაქის ქუჩები და როგორ უნდა გადმოვიტანოთ ის საუკეთესო სტანდარტი, რომელიც ყველა განვითარებულმა, დიდმა ქალაქმა გააკეთა“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისის მერიის პროექტები მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება წახალისებული იყოს.
„გზების გაფართოება და ახალი გზების შექმნა არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას. პირიქით,ეს არის წახალისება იმისა, რომ ქალაქში დამატებით შევქმნათ საცობები. პოლიტიკა, რაც გაგვაჩნია, არც ჩემი მოგონილია, არც გიორგი ტყემელაძის, არც ირაკლი ხმალაძის და არც აქ მყოფი ადამიანების. ეს არის განხორციელებული საუკეთესო პროექტები განვითარებული ქვეყნების მაგალითზე. ამ პროექტის განხორციელებაში მსოფლიოში ძლიერი კომპანიები გვეხმარებიან, ვინც ზოგადად, სატარნსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობს. ყველა გადაწყვეტილებას წინ უძღვის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ წავახალისოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შემთხვევით არ არის ის, რომ დაწყებული გვაქვს განახლება-მოწესრიგება, ახალი ავტობუსების ჩანაცვლება, შეიქმნა სპეციალური საავტობუსე ზოლები იმიტომ, რომ ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება ავტობუსით, მიკროავტობუსით და მათ თავისუფლად გადაადგილება უნდა შეეძლოთ. ჩვენ უნდა წავახალისოთ ეს მიმართულება, რომ კერძო ავტომობილიდან ეტაპობრივად შევძლოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასხდომა“, – განაცხადა კალაძემ.