პარლამენტის აპარატი: თუ დეპუტატს არ სურს ხელფასის მიღება, მან წერილით უნდა მიმართოს აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს

637

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, – ამის შესახებ პარლამენტის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი.

„გაცნობებთ, რომ პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ და საქართველოს კანონი„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ .

ასევე, გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტმა წევრთა უფლებამოსილება ცნო, პარლამენტის აპარატმა დეპუტატებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების თანახმად, პარლამენტის აპარატი, მათი კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვის განხორციელების მიზნით, ითხოვდა დეპუტატების საბანკო რეკვიზიტებს. ამას გარდა, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, წერილში მითითებული იყო შესაბამისი საკონტაქტო პირიც. პარლამენტის წევრების მიერ საბანკო რეკვიზიტების არწარმოდგენის შემთხვევაში, პარლამენტის აპარატი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, განახორციელოს ხელფასის ჩარიცხვის ტრანზაქცია.

რაც შეეხება იმ პარლამენტის წევრებს, რომელთაც ჩაერიცხათ ხელფასი, გაცნობებთ, რომ რადგან ისინი ფლობდნენ დეპუტატის მანდატს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც, მათი რეკვიზიტები უკვე დაფიქსირებული იყო შესაბამის სისტემაში და ხელფასი მასზე დაყრდნობით, კანონის სრული დაცვით ჩაერიცხათ.

ინფორმაციისთვის, ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს“, – ნათქვამია პარლამენტის აპარატის განცხადებაში.