თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა მიმდინარეობს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, თბილისის ბიუჯეტი 2021 წელს საწყის ეტაპზე მილიარდ 50 მილიონით არის განსაზღვრული, თუმცა რამდენიმე თვეში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.
„დღეს თბილისის მერთან ერთად გვექნება შესაძლებლობა შევაჯამოთ 2020 წელი, რომელიც საკმაოდ არაორდინალური წელი გახლავთ, გამომდინარე მსოფლიო პანდემიიდან, თუმცა ვფიქრობ, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა, თბილისის მუნიციპალიტეტმა შეძლო მიეღო ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც იყო საჭირო. დღეს განვიხილავთ 2021 წლის ბიუჯეტს, რომელიც მილიარდ 50 მილიონი ლარით არის საწყის ეტაპზე განსაზღვრული. ამ სიტუაციაში ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა და მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უახლოეს თვეებში ბიუჯეტის ზრდა კიდევ მოხდება დაახლოებით 50 მილიონით. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, რჩება უცვლელი, ეს არის როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე სოციალური, ჯანდაცვა, გარემოსდაცვის მიმართულებით, სატრანსპორტო პოლიტიკა, ურბანული პოლიტიკა. ყველა პრიორიტეტი არის შენარჩუნებული. ბიუჯეტი არ შემცირებულა და იანვარ-თებერვალში კიდევ იქნება ბიუჯეტის ზრდა, შესაბამისად არანაირ კლებას არ აქვს ადგილი და ყველა პროექტი განხორციელებული იქნება”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.