რიჟვაძე: ყველა ერთად ვიმუშავებთ ძალიან ბევრს, რომ ყველა მოქალაქემ იგრძნოს მთავრობის, სახელმწიფოს გვერდში დგომა

343

ყველა ერთად ვიმუშავებთ ძალიან ბევრს, რომ ყველა მოქალაქემ იგრძნოს მთავრობის, სახელმწიფოს გვერდში დგომა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო უმაღლეს საბჭოს გამოცხადებული ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით აჭარის მოსახლეობას, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში მათთან ერთად ვიმუშაოთ მათი პრობლემების გადასაჭრელად. მოკლევადიან პერსპექტივაში მთავარ ამოცანას ეპიდემიის დასტაბილურება და ლოკალიზება წარმოადგენს. დღეს, საბედნიეროდ, კიდევ უფრო დადებითი დინამიკა გვაქვს, ორნიშნა რიცხვს დავუბრუნდით ახალი ინფიცირების შემთხვევებში და ეს საქმე არის ბოლომდე მისაყვანი, მინიმალური დანაკარგით. ამის პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს აჭარის მოსახლეობა, რომელთა ყოველდღიური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად მძიმდება. ამისთვის ჩვენ უკვე გადავდგით და გადავდგამთ შესაბამისი ნაბიჯები, როგორც მათი უზრუნველყოფა ყველაფრით, რაც მათ სჭირდებათ ამ პანდემიის დროს. ასევე, გრძელვადიან პერსპექტივვაში ჩვენი მთავრობის სამოქმედო გეგმა წარმოდგენილია საკმაოდ ამბიციურად, მაგრამ რეალისტურად, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკის 6 და 5%-ით ზრდას, და ასევე აჭარის ეკონომიკის გაზრდას 30%-ით 2024 წლისთვის. ამას ემატება უმუშევრობის შემცირება, რომელიც პანდემიის დროს დამძიმდა. ჩევნ გვმართებს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამ მიმართულებით. ფერმერები, გლეხები სოფლად უფრო მეტად იგრძნობენ ჩვენი პროგრამების და იმ მხარდაჭერის ეფექტურობას, რომელსაც განვახორციელებთ. რეგიონი განათლების მიმართულებით კვლავაც უნდა დარჩეს სამაგალითო, და როგორც ინფრასტრუქტურის ასევე მასწავლებლებზე, პედაგოგებზე ზრუნვის თვალსაზრისით ჩვენ ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, ეკონომიკის გაუმჯობესებასთან ერთად კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ მათ პირობებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ხელისუფლების განხორციელების ნაწილში ბრძოლის წინა ხაზზე დგანან ჩვენი ექიმები, სამართალდამცველები და ყველა ერთად ვიმუშავებთ ძალიან ბევრს, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ იგრძნოს მთავრობის, სახელმწიფოს გვერდში დგომა“, – განაცხადა რიჟვაძემ.