ქუთაისის მერი: მოქალაქეები მუნიციპალურ სერვისებს შეუფერხებლად მიიღებენ

500

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდა. ქალაქის მერი ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებს იმ ინიციატივაზე ესაუბრა, რომელიც პანდემიის პერიოდში მოსახლეობასთან კომუნიკაციის მოქნილ ფორმებს გულისხმობს.

მისი თქმით, მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობის პირობებში, მერიაში მისვლა არ დასჭირდებათ, ყველა სერვისს ტერიტორიულ ერთეულში, უბნების მიხედვით მიიღებენ.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა საჯარო მოხელემ საკუთარი პასუხისმგებლობა ბოლომდე გაითავისოს და ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, რათა მათ შეძლონ სახელმწიფო თუ მუნიციპალური სერვისების შეუფერხებლად მიღება. ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და მოქალაქეებს მერიაში მოსვლა აღარ დასჭირდებათ იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია შეძლონ. ისინი ყველა საჭირო სერვისს თავიანთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიიღებენ,”-განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

იოსებ ხახალეიშვილმა გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში მშენებარე სპორტული მოედანი დაათვალიერა. სპორტული მოედნის მოწყობისთვის 70 000 ლარი იხარჯება.