ჰანს კლუგე: თბილისი ზედმიწევნით ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრულ პაკეტს

364

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, კოვიდ-19-ის მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჰანს კლუგეს დედაქალაქის მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე, პანდემიისგან დაზარალებული მოქალაქეებისა თუ ბიზნესების მხარდასაჭერად განხორციელებული პროგრამები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მერიის მიერ დაწესებულ შეღავათებს, მწვანე და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.

„პანდემია გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და რასაკვირველია, გამონაკლისი არც საქართველოა. საქართველომ, პანდემიის პირველივე ტალღის დროს, გადადგა მთელი რიგი ნაბიჯები -შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ზედმიწევნით სრულდება ყველა რეკომენდაცია თუ მითითება, რასაც სპეციალისტების ჩართულობით საბჭო იღებს. ვფიქრობ, სოლიდარობა და თანადგომა არის არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც ამ მძიმე პერიოდს გადაგვატანინებს. ჩვენ გვაქვს დახმარების პროგრამა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის – მარტოხელა მოხუცებისთვის და ბიზნესკომპანიების ჩართულობით, ვცდილობთ, არცერთი მარტოხელა მოხუცი არ დავტოვოთ პირველადი მოხმარების საგნებისა თუ საკვები პროდუქტების გარეშე. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ იმ დეპრესიულ ფონს და სტრესულ გარემოს, რაც პანდემიამ შექმნა და სწორედ ამიტომ, ვეცადეთ, საახალწლოდ თბილისის ქუჩები ყოფილიყო გამორჩეულად ლამაზი და სავსე სადღესასწაულო განწყობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ მაღალი შეფასება მისცა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თბილისის მერიის საქმიანობას და თბილისის მერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მსურს, მადლობა გადავუხადო მერ კალაძეს შესანიშნავი შეხვედრისთვის. ქალაქი თბილისი, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრულ პაკეტს, რათა ქალაქი იყოს ხალხზე მორგებული, ჯანსაღი და ჰქონდეს სუფთა გარემო. ეს მოითხოვს ლიდერობას: მწვანე სივრცეების შექმნას, სადაც ხალხი შეიკრიბება. ჩვენ გამოცდილებით ვიცით, რომ ეს დადებით გავლენას ახდენს ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე, რაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ამ უპრეცედენტო პანდემიის დროს. ეს ასევე კარგად იმოქმედებს ხალხის ზოგად ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ერთი კონკრეტული შედეგი ისაა, რომ მე შევთავაზე მერს, პოლიტიკური ვალდებულება აიღოს და შეუერთდეს ჯანმრთელი ქალაქების ქსელს. მადლობელი ვარ, რომ მერი დათანხმდა ამას, რადგან თბილისსა და მის მერს შეუძლიათ ბევრი რამ გაუზიარონ სხვა ქალაქებსა და მათ მერებს, რომლებიც არიან ამ ქსელში“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თბილისი ევროპის ჯანმრთელი ქალაქების ქსელს შეუერთდება და თავის გამოცდილებას მომავალში ქსელის სხვა ქალაქებს გაუზიარებს.